მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი გადადგა | რა გახდა მიზეზი?

დენიელ დრისკოლი

აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თეთრ სახლს ოფიციალური განცხადებით მიმართა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან მაღალი რანგის ოფიცრების დათხოვნასა და არმიის პრიორიტეტებზე წარმოქმნილი ხანგრძლივი უთანხმოება გახდა. დრისკოლმა აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ საუბარში შეიარაღებული ძალების მართვის კურსთან დაკავშირებით შეშფოთება პირადად გამოხატა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის დაპირისპირება არმიის მოდერნიზაციის ინიციატივებსა და გენერალიტეტის მასშტაბურ საკადრო წმენდას უკავშირდება. როგორც ირკვევა, ჰეგსეტმა თანამდებობიდან დაითხოვა არაერთი მაღალჩინოსანი, რომელთა შორის არმიის შტაბის ყოფილი უფროსი რენდი ჯორჯი და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალი კრისტოფერ დონაჰიუ იყვნენ. მათ შემცვლელად დანიშნულმა გენერალმა კრისტოფერ ლანევმა კი უკრაინელ სამხედროებთან დრონებით ბრძოლის ერთობლივი წვრთნების პროგრამა შეაჩერა. არმიის მდივანთან ერთად პენტაგონი დატოვა მისმა მოადგილემ დეივ ფიცჯერალდმა, რომელიც შეიარაღებულ ძალებში კერძო კაპიტალისა და ტექნოლოგიური სტარტაპების ინტეგრაციას კურირებდა.

როგორც ამერიკული მედია წერს, დრისკოლის წასვლა პენტაგონში შექმნილ საკადრო ვაკუუმს კიდევ უფრო ამძიმებს. თავდაცვის უწყება სენატის მიერ დამტკიცებული ლიდერების დეფიციტს იმ ფონზე განიცდის, როდესაც ახლო აღმოსავლეთში გახანგრძლივებული ომი მიმდინარეობს. ეს ვითარება აპრილში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის, ჯონ ფელანის თანამდებობიდან გათავისუფლებამაც გააღრმავა.

ცნობისთვის, დენ დრისკოლი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა. ერაყის ომის ვეტერანი და იელის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული 2025 წლის შემოდგომაზე კიევში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები