ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი 6 თვეში დასრულდება. ამის შესახებ მან NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ვენსმა მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი პოზიტიურად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ომი 6 თვეზე მეტ ხანს აღარ გაგრძელდება. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამის თქმის საფუძველს მას დონალდ ტრამპის “ენერგიული დიპლომატიური საქმიანობა" აძლევს.
ვენსმა ტრამპი კიდევ არაერთგზის შეაქო. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რამდენ ხანში დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ამერიკელ ხალხს უნდა ეამაყებოდეს ისეთი პრეზიდენტის ყოლა, რომელიც სისხლის ღვრის დასრულებაში ასე აქტიურადაა ჩართული. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გაჭიანურდა მოლაპარაკებების პროცესი, ვენსმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ ყოველთვის ხდება და არავინ უნდა ელოდოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ერთ ღამეში მოგვარდება.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის აზრით, რეალურად ომის დასრულება დამოკიდებული იქნება უკრაინასა და რუსეთს შორის პოზიციების შეჯერებაზე. მისი თქმით, რუსეთი “სერიოზულ დათმობებზე” უკვე წავიდა, რადგან ამდენი წლის შემდეგ კრემლი პირველად ამბობს უარს კიევში მარიონეტული ხელისუფლების დასმაზე. ამასთან, აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და დასავლეთის მიერ ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზეც თანახმაა.




























