მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი ომის გაყინვისთვის მზადაა - რა თქვა პრეზიდენტმა FOX-თან ინტერვიუში?

ვოლოდიმერ ზელენსკი

ზელენსკი ომის გაყინვისთვის მზადაა! - უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება ტელეარხ Fox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა. ქვეყნის ლიდერის ამ სიტყვებმა მედიის განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ გამოიწვია, რომ აქამდე ოფიციალური კიევი ფრონტის ხაზის გაყინვას ნაკლებად ეფექტურად მიიჩნევდა და რეალურ გამოსავლად მხოლოდ ომის სრულფასოვნად შეჩერებას მიიჩნევდა. თუმცა, როგორც ირკვევა, რომ რაღაც შეიცვალა. მოკლედ, რატომ და რის ფასად თანხმდება უკრაინა ომის გაყინვას, ამას ვრცლად ამ სტატიიდან შეიტყობთ.

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ზელენსკის ამ განცხადებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლაპარაკებები ნორვეგიაში, რომელშიც ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები და უკრაინის ევროპელი მოკავშირეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ რა შედეგით დასრულდა ეს პროცესი, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, პირველი კონტურები პრეზიდენტ ზელენსკის ტელეარხ Fox-თან საუბარმა გამოკვეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებულ რეალობაში თანახმაა თუ არა ოფიციალური კიევი, გაიყინოს ომი დღევანდელ ხაზზე, სადაც ქვეყნის 75% უკრაინის კონტროლქვეშ რჩება, ხოლო დაახლოებით მეოთხედი ოკუპირებულია? ზელენსკის პასუხი ასეთი იყო:

"თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ომი გაიყინოს არსებულ ფრონტის ხაზზე, საიდანაც ქვეყნის 75%-ს ჩვენ ვინარჩუნებთ - დიახ, მე ამას დავთანხმდები. ვფიქრობ, ახლა სწორედ გაყინვა და მკვლელობების შეჩერებაა ამ ომის დასრულების რეალური გზა, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ეს არის მინიმუმი, რაც დღეს რუსეთისგან გვჭირდება, რის შემდეგაც უკვე პრეზიდენტ ტრამპთან და ევროპელებთან უსაფრთხოების გარანტიებზე სამსჯელოდ გადავალთ. მთავარია, აღარ გვეშინოდეს, რომ ოკუპაცია, აგრესია და მკვლელობები ისევ განმეორდება. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატებისგან და კეთილდღეობა ჩვენი პარტნიორებისგან, რადგან უცხოეთში მყოფი 9.5 მილიონი უკრაინელი უკან უნდა დავაბრუნოთ - იმისთვის, რომ იცხოვრონ და საკუთარი ქვეყანა ააშენონ.“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამ სვლით უკრაინის პრეზიდენტმა მოახერხა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც, გარკვეულწილად, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს მოსკოვს. პრეზიდენტ ტრამპის ბოლოდორინელმა კრიტიკულმა განცხადებებმა შექმნა საფუძველი, ადამიანებს ეფიქრათ რომ კიევს ომის შეჩერება არ სურდა. თუმცა ამ განცხადებით მსგავსი მოსაზრებები გაქარწყლდა.

საყურადღებო ფაქტია, რომ ინტერვიუში ომის გაყინვა ზელენსკიმ ტერიტორიების დათმობისგან კატეგორიულად განასხვავა და პირდაპირ განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი ამ მხრივ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„რა თქმა უნდა, ხალხი დაიღალა და გვსურს ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, მაგრამ საკუთარ სახლებსა და შვილებს არავინ დათმობს. ამიტომ უნდა გადავიდეთ დიპლომატიაზე. ცეცხლის შეწყვეტა შესანიშნავი იდეაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯერ კიდევ თავისი ვადის დასაწყისში, გაზაფხულზე თქვა: მოდით, დავამყაროთ მშვიდობა, შევწყვიტოთ ცეცხლი და მკვლელობებიო. მე ამას მაშინვე დავუჭირე მხარი. ჯერ დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეთ და შემდეგ ვიპოვოთ სამშვიდობო გეგმა. თუმცა, ჩვენი ხალხისთვის ყველაზე მთავარი უსაფრთხოების გარანტიებია - მშვიდობა უსაფრთხოებით, რათა მომავალში არცერთ აგრესორს არ მიეცეს უკან დაბრუნებისა და ახალი აგრესიის შანსი.” - განუცხადა Fox-სს ზელენსკიმ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითი, რომელზეც ზელენსკიმ გაამახვილა ყურადღება გადაწყვეტილების მიღების კოლექტიურობა იყო. მან თქვა, რომ ის ერთპიროვნულად არ გეგმავს ნაბიჯის გადადგმას. პრეზიდენტმა დააანონსა, რომ ამ შესაბამის სვლას მხოლოდ ხალხთან ერთად, ხალხის კარნახით განახორციელებს, რადგან ამ ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ რიგითმა მოქალაქეებმა გაიღეს.

„როდესაც კომპრომისებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა დავეკითხოთ ჩვენს ხალხს, რადგან მათ დაკარგეს შვილები, ნათესავები და ახლობლები. არ შეიძლება უბრალოდ ადგე და ხელი მოაწერო დოკუმენტს. პირველ რიგში, ამ შეთანხმებას მხარი თავად უკრაინელმა ერმა უნდა დაუჭიროს, რადგან ეს ჩვენი დანაკარგია. სწორედ ამიტომ, სრულიად სამართლიანია, მივიდეთ პარლამენტში და რეფერენდუმი ჩავნიშნოთ. მშვიდობის გზა ხალხის არჩევანი უნდა იყოს. ჩვენ ძლიერი დემოკრატია გვაქვს." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა, რომ შემდგომი მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი ფორმატის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინის ლიდერი ითხოვს მინიმუმ სამმხრივ შეხვედრას მისი, დონალდ ტრამპისა და პუტინის მონაწილეობით.

"უმნიშვნელოვანესია სამმხრივი ფორმატის პრეზიდენტ ტრამპის მიერ ისე დაინიციირება, რომ მასში თავად ის, მე და რუსეთის ლიდერი ვმონაწილეობდეთ, უკეთესი იქნება ევროპელებიც თუ იქნებიან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ გარეშე ჩვენზე გადაწყვეტილებებს ნურავინ მიიღებს.” - აღნიშნა ზელენსკიმ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები