აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, მათი მხრიდან საქართველოში ინდივიდუალური სანქციები "ჯერ" არ გამოცხადებულა, თუმცა "არ იყოყმანებენ". სანქციები, უკვე ძალაში შესულ "რუსულ კანონს" უკავშირდება, რომლის მიმღებ დეპუტატებსაც ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ აშშ სანქციებს არ დააწესებს.
რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება აშშ-ს სანქციებზე.
"ჩვენ, წლებია, ათწლეულებია სხვადასხვა სანქციების ქვეშ ვართ. მათ შორის, რუსეთი არაერთხელ ცდილობდა, სანქციებით მოეხდინა ზემოქმედება. ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი და არ მგონია, რომ ვინმესთვის ეს იყოს სასიკეთო", - თქვა პაპუაშვილმა.
გია ვოლსკი: ამერიკის ვიზა არ მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია. თქვენი ეს სიხარული და მოლოდინი თუ გამტყუნდება, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან არც პიროვნულად და არც მთლიანად, საქართველოს ხელისუფლება არ იმსახურებს არანაირ სანქციას. ვინაიდან, 2012 წლის შემდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომელიც დასავლეთის ინტერესს უპირისპირდება, ან რუსულ ინტერესებს სადღაც ითვალისწინებს".
ისკო დასენი: "თქვენი საქმე არ არის. თუ მივიღებ, გავცემ პასუხს".