ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ჯორჯ ბუშ უმცროსის პოლიტიკური თანამოაზრე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ამერიკული მედია წერს, სიკვდილის მიზეზი პნევმონიასთან დაკავშირებული გართულებები და გულის დაავადება გახდა. ოჯახის წევრების განმარტებით, ჩეინი მშვიდ ვითარებაში, ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა.
ამერიკის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული და გავლენიანი პოლიტიკოსი ქვეყნის მეორე პირის მოვალეობას 2001-2009 წლებში იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ის ჯორჯ ბუშ უფროსის სამთავრობო კაბინეტშიც მუშაობდა და თავდაცვის მდივნის პოზიციას 1989-1993 წლებში იკავებდა. მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები 2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-ქაიდას მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი, ასევე ავღანეთისა და ერაყის ომები იყო.
დიკ ჩეინი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდშიც. საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, 4 სექტემბერს ის სახელმწიფო ვიზიტით საქართველოსაც ესტუმრა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამასთან, დაგმო რუსეთის აგრესია. სწორედ ჩეინმა დააანონსა ამერიკის მიერ საქართველოსთვის $1-მილიარიდანი ეკონომიკური დახმარების პაკეტის გადაცემა.
დიკ ჩეინი რესპუბლიკური პარტიის გამორჩეულ წარმომადგენლად ითვლებოდა. მაღალი პოზიციების დაკავებამდე აქტიურად იყო ჩართული კონგრესის საქმიანობაში. თავდაცვის მდივნად და ვიცე-პრეზიდენტად ყოფნისას კი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავდა.



























