"გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" კურსდამთავრებულები ეხმიანებიან და საჯარო მარშს აანონსებენ, რომელიც 28 დეკემბერს, 12:30-ზე ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან დაიწყება, საიდანაც მონაწილეები თამარ მეფის ხიდზე გასამართ "ერთობის ჯაჭვს" შეუერთდებიან.
"ამერიკული აკადემიის" კურსდამთავრებულთა განცხადებას, რომელიც BMG-ის მარშის ორგანიზატორებმა მიაწოდეს, უცვლელად გთავაზობთ:
"გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია, 2001 წელს დაარსდა, როგორც თანამედროვე, დასავლურ მიდგომებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლებელი. აკადემიაში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება წახალისებულია, პატივს სცემენ მრავალფეროვნებას, დაფასებულია შემწყნარებლობა, ამაყობენ ქართული კულტურით, ისტორიით და წინაპართა მემკვიდრეობით. შექმნის დღიდან, აკადემია ისწრაფვის აღზარდოს თაობები, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას, ქვეყნის განვითარებას მოახმარენ.
გივი ზალდასტანიშვილი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორის, სოლომონ ზალდასტანიშვილის შვილი იყო, დღემდე შთააგონებს აკადემიის საზოგადოების წევრებს. მის ანდერძში ვკითხულობთ:
“ჩემი სურვილი და თხოვნაა იყოთ ნამდვილი ქართველები და ისევე გიყვარდეთ სამშობლო, როგორც საკუთარი სული. მუდამ ისეთი ამაყები იყავით თქვენი ენით, მიწით და რჯულით, როგორც მე ვიყავი მთელი ცხოვრების მანძილზე.
ქართველს ეს გრძნობა ვერ დაუკარგა ვერავითარმა მტრობამ, გაჭირვებამ და დამცირებამ. და მეც ამაყი ვარ იმით, რომ ისევე როგორც ჩემი მებრძოლი შემოქმედი წინაპარი, ქართველი კაცის სახელით დავაბიჯებ ქართულ მიწაზე, ღირსეული ხალხის ქვეყანაში.
მოდით, ამ რწმენით დავდგეთ ერთად, ვაშენოთ ერთად და ერთად ვიამაყოთ ძლიერი და გამარჯვებული საქართველოთი” - გივი ზალდასტანიშვილი.
ხოლო ეს ციტატა სოლომონ ზალდასტანიშვილის მემუარიდან, სრულად ასახავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და იმას, რისიც მას სჯეროდა და რისთვისაც ის დაუღალავად იბრძოდა:
“საქართველოს თავისუფლების აღდგენის ბრძოლა თავდაპირველად მოითხოვს ქართველი ხალხის ეროვნულ-პოლიტიკურ მტკიცე ერთობის დაცვას. საქართველოს ეროვნული იდეალი უნდა ჰფარავდეს ყველა ვიწრო პარტიულ ინტერესებს. არც კუთხური, არც წოდებრივი, არც კლასობრივი დაყოფა ეროვნულად მთლიან საქართველოსი. ყოველმა ქართველმა, რომელ წრესა და მიმართულებასაც უნდა ეკუთვნოდეს, უნდა თავისი პარტიული დროშა დაკეცოს და ეროვნული დროშის ირგვლივ თავი მოიყაროს ერთი მიზნით, ერთი შეგნებით - საქართველოს თავისუფლების აღსადგენად.
მაგრამ არ შეიძლება მომავალი საქართველო ავაშენოთ თუ მის წარსულ ისტორიას არ მოვექეცით ფაქიზად, პატივისცემით, სიყვარულით.
არ შეიძლება საქართველოს განთავისუფლების ბრძოლაზე ვილაპარაკოთ, თუ არ გავისხენებთ სამშობლოსთვის თავდადებულებს, მისთვის მსხვერპლად შეწირულებს, მათ საფლავებს არ გავიხდით წმინდათა-წმინდას და მათ ეროვნულ მიზანს არ დავისახავთ ჩვენს იდეალად.” - სოლომონ ზალდასტანიშვილი.
დღეს ჩვენ, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულები ვაცხადებთ, რომ არსებული კრიზისი, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება, გასცდა პარტიული პოლიტიკის ფარგლებს, ქმნის ახალ საფრთხეებს და საგანგაშოდ აფერხებს ქვეყნის წინსვლას.
ჩვენ ვუერთდებით აქციის მოთხოვნებს: დაკავებულების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
ვფიქრობთ, რომ ეს შექმნის სივრცეს დიალოგისთვის, და საფუძველს გაჯანსაღებისთვის, რამაც უნდა დააბრუნოს ქვეყანა ნორმალურად ფუნქციონირებისა და განვითარების გზაზე.
ვიწვევთ აკადემიის ყოფილ თუ ამჟამინდელ სტუდენტებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის თანამშრომლებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და თანამოაზრეებს შემოგვიერთდენ მარშზე, რომელიც დაიწყება შაბათს, 28 დეკემბერს, 12:30 საათზე ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელიდან და შეუერთდება "ერთობის ჯაჭვს საქართველოში" თამარ მეფის ხიდზე 15:00 საათზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს რამდენიმე კვირის წინ სკოლის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და სასწავლო პროცესის ერთი დღით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.