გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აკადემიაში, პროტესტის ნიშნად, 2 დეკემბერს სასწავლო პროცესი არ შედგება. ამის შესახებ ამერიკული აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია, ვეხმაურებით რა ჩვენ ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ვაპროტესტებთ და კატეგორიულად ვგმობთ მმართველი პარტიის მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ძალადობრივ ქმედებებს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ამ ძალადობამ ახლა ძალზე კონკრეტული სახე მიიღო - ეს არის ხალხის ნების ჩახშობა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხელისუფლების მხრიდან. ევროპული კურსი საქართველოს ისტორიული არჩევანია, რაც დადასტურდა რეფერენდუმით და წარმოადგენს საკონსტიტუციო ნორმას.
ჩვენი სკოლა დაფუძნებულია ქართულ და დასავლურ დემოკრატიულ ფასეულობებზე, მათი დაცვა და მომავალი თაობებისთვის ამ ღირებულებების გადაცემა ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობაა.
მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, მასწავლებლებს, ამ რთულ ვითარებაში დადგნენ ქვეყნის განვითარების მხარეს მომავალი თაობების საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
ღიად ვაფიქსირებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის და მმართველი პარტიისგან მოვითხოვთ შეწყვიტოს მისი ხელყოფა.
ვუერთდებით ამ მოთხოვნის მხარდამჭერ და მისთვის მებრძოლ ყველა მოქალაქეს და წინააღმდეგობის მოძრაობას!
პროტესტის ნიშნად, ორშაბათს, 2 დეკემბერს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში სასწავლო პროცესი არ შედგება".