მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული ბირჟების ნელი აღდგენის ფონზე, IPO-ების ბაზარზე ჩინური ბირჟები დომინირებენ

64525654ec2bb
გიორგი არონია
03.05.23 18:37
873

2023 წლის პირველ ოთხ თვეში, ჩინურმა კომპანიებმა საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსებების გზით ხუთჯერ მეტი თანხა მოიპოვეს, ვიდრე ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დალისტულმა კომპანიებმა, - ამის შესახებ ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის, Dealogic-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ამერიკული საფონდო ბირჟების დაქვეითება, უმეტესწილად, რთული 2022 წლის შემდგომი ნელი აღდგენით აიხსნება, რასაც, თავის წილ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, მაღალი ინფლაცია და ქვეყანაში მიმდინარე საბანკო კრიზისი განაპირობებს.

ამერიკულ კაპიტალის ბაზართან ერთად, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ევროპული ბირჟებიც, რითაც ლიდერთა რბოლაში პირველ ადგილზე ჩინურმა საფონდო ბირჟებმა გადაინაცვლეს. ასე ფიქრობენ ანალიტიკოსებიც, რომელთა თქმით, ჩინეთის აღზევებას, პირველ რიგში, სწორედ სხვა ბაზრების ჩამოქვეითება იწვევს. ამ მოსაზრებას რიცხვებიც ადასტურებს: აშშ-ის შემთხვევაში გასული წელი ობიექტურად ცუდი იყო და IPO-ებიდან შემოსულმა კაპიტალმა 40%-ით იკლო. Dealogic-ის დათვლებით, იანვრიდან აპრილამდე, ამერიკულ ბირჟებზე 56 კომპანია განთავსდა, რომელთაც, ჯამში, $3.8 მილიარდი მოიძიეს. გასულ წელს, ეს მაჩვენებელი $12.3 მილიარდი იყო, 2021 წელს კი - $130 მილიარდი.

ამავე პერიოდში, ჩინურ საფონდო ბირჟებზე განთავსების გზით 80-მა კომპანიამ $19.5 მილიარდი მოიძია, რაშიც დიდი წვლილი ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ ბოლო დროს ჩატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს და საგადასახადო შეღავათებს მიუძღვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი ჩინეთშიც შემცირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ამ მხრივ ლიდერობას ჯერაც ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები