მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული Forbes-ი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე სტატიას აქვეყნებს

5f64f51423609
BM.GE
18.09.20 23:15
1742
ამერიკული Forbes-ი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორის, რიჩარდ ვედერის სტატიას აქვეყნებს.

სტატია 14 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი სახელწოდებაა "ხვალიდან ახალი Georgia Tech“ იხსენება. ის იმედის მომცემია“.

"ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი, რომელიც აქცენტს აკეთებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დისციპლინებზე, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტია (Georgia Institute of Technology). თუმცა, ოპერირებას იწყებს ახალი Georgia Tech, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელწოდებით არის ცნობილი. ეს სასწავლებელი საქართველოშია, რომელიც ცხრა საათის სარტყელით არის დაშორებული შეერთებული შტატების ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და, რომელსაც უწოდებენ "ევრაზიას“ – ევროპული ხასიათით, მაგრამ აზიური ქვეყნების მდებარეობითა და დამახასიათებელი თვისებებით. მე თავად დავესწარი ახალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელების ონლაინ ვებინარს და აღვფრთოვანდი, რომ ისინი ძველი საბჭოთა კავშირის ერთ პატარა ნაწილში პოტენციურად ახალ, უმაღლესი განათლების "ოქროს ხანას“ ქმნიან“, – წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა "ქართუმ“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებისთვის დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარი გაიღეს.

"უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულება, პირველ ეტაპზე, იქნება მეცნიერება და ბიზნესის მენეჯმენტი, ხოლო სამომავლოდ სტუდენტებს ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამებსაც შესთავაზებს. მაღალკვალიფიციური ექსპერტული დახმარების მისაღებად, უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და მისმა კოლეგებმა პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი მიიწვიეს, რომელიც 24 წლის განმავლობაში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული პრეზიდენტი გახლდათ. ეს უნივერსიტეტი რეიტინგის მიხედვით, ევროპის კონტინენტის ხუთ საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის ნუსხაშია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასევე მოიწვევს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს, რომლებიც დასაწყისში მათ დაეხმარებიან.

მართალია, "კოვიდ-19“-ის პანდემიამ პროცესები დაამუხრუჭა, მხოლოდ მცირედით. გეგმის მიხედვით, უნივერსიტეტში 1 000 სტუდენტს უნდა დაეწყო სწავლა, თუმცა ხვალიდან ლექციებზე 250-ს ელოდებიან. უნივერსიტეტის მიზანია, სტუდენტები მაღალი ხარისხის განათლებით უზრუნველყოს, სასწავლებელში წინასწარ შერჩეული სტუდენტები ჩაირიცხებიან და ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიიზიდავს. ალბათ ბედის ირონიაა, რომ ისეთ ქვეყანაში, საიდანაც იყვნენ იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია (სტალინის საიდუმლო პოლიციის უფროსი) იხსნება უნივერსიტეტი, რომელიც დიდწილად ამერიკული მოდელის ანალოგია (უნივერსიტეტი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით) და მე-19 საუკუნის სტენფორდის, ჩიკაგოსა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების მგავსად, შეიქმნა მდიდარი ბიზნესმენების ფილანტროპიული საქმიანობის შედეგად“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, სტატიის ავტორი ამბობს, რომ "ძნელი იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, 60 ათასი მაღალკვალიფიციური სტუდენტი ჰყავდეს, ამას დასჭირდება ახალი დაფინანსება სახელმწიფო სუბსიდიების სახით, კვლევითი გრანტები, სხვა დონაციები და/ან სტუდენტების გადასახადები, მაგრამ წარმატებულ კომპანიებს ქმნიან ისეთი მეოცნებენი, რომელთა თვალსაწიერიც ძალიან დიდია“.

"სტივ ჯობსმა "ეფლის“ კომპიუტერების ბიზნესი მშობლების ავტოფარეხში წამოიწყო და ახლა, ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში, კომპანია 2 ტრილიონ დოლარად შეფასებულ საწარმოდ იქცა. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან გაფართოვდება, STEM-ის გარდა სხვა მიმართულებების განვითარებაც მოუწევს. წარმატებულ ერებს სჭირდებათ მეცნიერები და ინჟინრები, მაგრამ ასევე ბუღალტრები, არქიტექტორები, ფინანსური სერვისების გურუები, დრამატურგები, ეკონომისტები, ფილოსოფოსები და შესაძლოა, რამდენიმე სოციოლოგიც კი. უნივერსიტეტის ქუთაისში დაარსება, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც არასდროს ყოფილა იქ, გამჭრიახი გადაწყვეტილებაა. ქალაქმა, დაახლოებით 140 000 მცხოვრებით, საკმარისია უზრუნველყოს ინფრასტრუქტურა, რაც უდიდეს უნივერსიტეტებს სჭირდებათ“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც რიჩარდ ვედერი წერს, საქართველო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების ოქროს ეპოქის ამერიკას აგონებს.

"ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც შეერთებულ შტატებს 1950-1960-იან წლებში. კორონავირუსის პანდემიამდე ხუთი წლით ადრე (2014-2019), საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი არაჩვეულებრივად, წელიწადში ოთხი პროცენტით გაიზარდა და ეს ყველაფერი ინფლაციის გათვალისწინებით. ეს იგივეა, რაც სხვა ყოფილი საბჭოთა კონტროლირებადი ტერიტორიებისა და ზოგიერთი მეზობლის (მაგ.: პოლონეთი, ესტონეთი, სომხეთი) გამოცდილება, რომლებიც ახლა თავისუფლები არიან საბჭოთა უღელისა და ამჟამინდელი რუსული ტერიტორიული მავნებლობისა და ყოვლისმომცველი პლუტოკრატიისგან. შესაძლოა, სწორედ ამ ქვეყნებმა მოამარაგონ ქუთაისის საერთაშორისო სტუდენტებით. საქართველო არის პროდასავლური, ოპტიმისტური და სწრაფად განვითარებადი, ახლანდელი ამერიკული და დასავლეთ ევროპული განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც გაჟღენთილი არიან საპროტესტო აქციებით, განხეთქილებებითა და დაბალი ეკონომიკური ზრდით.

შესაძლოა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ჰქონდეს სირთულეები, მაგრამ ბრწყინვალე გერმანული მხარდაჭერა, ბევრი ახალგაზრდული მისწრაფება და ენთუზიაზმი ძალიან კარგი გეგმაა. მე, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, დავაკვირდები უნივერსიტეტის მომავალს დიდი სიმპათიით და გულმოდგინედ“ , – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები