საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.
ლექციაზე, სახელწოდებით – „საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა და ეროვნული ბანკის როლი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში‘‘, ნათია თურნავამ სტუდენტებს სებ-ის ფუნქციები, მიმდინარე პროექტები და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროდუქტები გააცნო.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ლექციის შემდეგ ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, KIU-სა და სებ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს KIU-სა და სებ-ის მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობასა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას. მემორანდუმის მიხედვით, KIU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ეროვნულ ბანკში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში KIU- ს სტუდენტებს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა რიგებშიც იხილავს.
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საკმაოდ მძლავრი სამეცნიერო კერაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს იზიდავს. მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, სტუდენტებისთვის პირადად გამეცნო ეროვნული ბანკის ფუნქციები და როლი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
KIU-ს რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას თქმით, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა KIU-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის უნიკალური შესაძლებლობაა.
„ძალიან საინტერესო საჯარო ლექცია იყო, საინტერესო დისკუსიით. სებ-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სტუდენტებს ეძლევათ სტაჟირების შესაძლებლობა ეროვნულ ბანკში შემდგომში დასაქმების პერსპექტივით“,- აღნიშნა გიორგი ხუბუამ.