რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, დასავლურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარი დატოვეს. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო, ამერიკული Intel-ია, რომელიც, ამ დროისთვის, რუსეთში ორი კომპანიას ფლობს. თუმცა, როგორც კომპანიების მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი, ისინი შემოსავალს არ აგენერირებენ და წაგებაზე მუშაობენ. თუმცა, უფრო საინტერესო ფაქტი ისაა, რომ Intel-ი რუსეთში ერთადერთ ადამიანს ასაქმებს - კომპანიის გენერალურ დირექტორ ალინა კლუშინას. არადა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, ამერიკული კომპანიის რუსულ ოფისებში 788 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო 2021 წელს, კომპანიამ დაახლოებით $95 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
რუსულ ბაზარზე Intel-ი ჯერ კიდევ 1991 წელს გამოჩნდა და წლების განმავლობაში, მთელი რუსეთი მოიცვა, სადაც რამდენიმე დატაცენტრი და კვლევისა და განვითარების ჰაბი შექმნა. რუსეთში Intel-ის საქმიანობა იმდენად მრავალფეროვანი და მასშტაბური იყო, რომ ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე ეს ცენტრი სიდიდით მეორედ ითვლებოდა მსოფლიოში, Intel-ის სათავო ოფისის შემდეგ. ამ დაწესებულებაში, ამერიკული კორპორაცია ავითარებდა, როგორც ხელოვნურ ინტელექტს, ასევე მანქანურ დასწავლას, 5G-ინტერნეტს და IoT-ტექნოლოგიას, რაზედაც, კუმულაციურად, 1,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.
თავის დროზე, რუსულ ბაზარზე Intel-ი დიდ ფსონს დებდა, მაგრამ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, რომლის შემდეგ ამერიკულმა კომპანიამ რუსეთში ოპერირება შეაჩერა. მოგვიანებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში სხვადასხვა ტექნოლოგიის შეტანაზე სანქციები დააწესა, რის შემდეგაც რუსეთში Intel-ის ვებგვერდიც გაითიშა. მართალია, მოგვიანებით ვებგვერდზე წვდომა აღდგა, მაგრამ ის გარკვეული შეზღუდვებით მუშაობს, ისიც იმიტომ, რომ კომპანიას მომხმარებლების მიმართ გარკვეული საგარანტიო ვალდებულებები მართებს. არსებობს მოსაზრება, რომ Intel-ი რუსეთში კომპანიების ლიკვიდირებას მოახდენს, რადგან კომპანიის ფურცელზე არსებობაც კი, ამერიკულ კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება.