მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული კომპანიების შეფასება ერთ დღეში $1.5 ტრილიონით შემცირდა

ბირჟა ვარდნა

გასული სავაჭრო სესია ამერიკული საფონდო ბირჟისათვის განსაკუთრებით ნეგატიური აღმოჩნდა, უფრო კონკრეტულად, უმსხვილესი კომპანიების საერთო საბაზრო შეფასება დაახლოებით 1.5 ტრილიონი დოლარით შემცირდა.

ასეთი მკვეთრი ვარდნა S&P500, Dow Jones და Nasdaq-ის ინდექსების 3%-იანი შემცირებით იყო გამოწვეული, რასაც, თავის მხრივ, ამერიკის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება განაპირობებდა. მოგეხსენებათ, გუშინ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა, რაც სრულ შესაბამისობაში იყო ინვესტორების მოლოდინებთან, თუმცა ანალიტიკოსები არ მოელოდნენ იმას, რაც FED-ის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯერომ პაუელის თქმით, მომავალ 2025 წელს ფედერალური რეზერვი, სავარაუდოდ, მოსალოდნელზე ერთით ნაკლებ ინტერვენციას განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკა პროგნოზირებულზე უფრო მკაცრი იქნება.

ცხადია, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელების სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად არ იღებენ, რადგან ეს სესხების გაძვირებაზე და კაპიტალის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე მიუთითებს, თავად ეს მოცემულობა კი კომპანიების შეფასებაზე ნეგატიურად აისახება, სწორედ ამიტომ ვიხილეთ გუშინ $1.5-ტრილიონიანი ვარდნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები