აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე დაწყებული აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, კერძოდ, ძირითადი ინდექსის, S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,023 პუნქტს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
რეკორდული შედეგი აქვს Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსსაც, რომელიც ამჟამად 24,016-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც მსხვილი კომპანიების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული, მათ შორის გამორჩეულ შედეგებს აფიქსირებენ: NVIDIA, Google, Apple, Amazon, Meta, Microsoft, Broadcom და Tesla.
აღმასვლის მიზეზს რაც შეეხება - ის, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მოლოდინს და მსხვილი ბანკების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ შედეგებს უკავშირდება, რომლებმაც ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბეს და რეკორდული შემოსავლების მიღება შეძლეს.
ამასთან, გაქარწყლებულია შიშები AI-ბუშტის გაჩენასთან დაკავშირებით, რადგან ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შემოსავლების მკვეთრად გაზრდას ახერხებენ, რაც უოლ-სტრიტის განწყობას პოზიტიურად ცვლის.




























