მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამიერიდან, სემ ოლტმენი ამერიკელთა თვალებსაც დაასკანერებს

სემ ოლტმენი / Orb

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიდი ენობრივი მოდელის, ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI-ის დამფუძნებელი, სემ ოლტმენი ტექნოლოგიურ წრეებში ცნობილი ანტრეპრენიორია, რომელსაც არაერთი კომპანია აქვს.

ოლტმენის წამოწყებებს შორის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტექნოლოგიას კომპანია Tools for Humanity ავითარებს. საუბარია ადამიანის იდენტობის ვერიფიკაციაზე, რომელსაც სპეციალური მოწყობილობის მიერ ადამიანის თვალის ირისის სკანირებით ახორციელებს და სანაცვლოდ, ადამიანს კრიპტოვალუტას უხდის.

სემ ოლტმენს არაერთხელ უთქვამს, რომ მომავლის სამყაროში, სადაც ინტერნეტის დიდი ნაწილი AI-ის მიერ გენერირებული კონტენტით იქნება აღვსილი, ადამიანის და რობოტის მიერ შექმნილი კონტენტის გარჩევა, ისევე, როგორც თავად ადამიანების და რობოტების გარჩევა, დიდწილად, შეუძლებელი იქნება, ამიტომაც კაცობრიობას სჭირდება ოფიციალური გზა, რომლითაც ადამიანების იდენტობის დადასტურებას შევძლებთ. ამ პრობლემის გადაწყვეტად ოლტმენს სწორედ თვალის ირისის სკანირება მიაჩნია.

ფუნდამენტურ დონეზე, ადამიანების ერთმანეთისგან გარჩევა რამდენიმე მეთოდით შეიძლება, მათ შორის ყველაზე ეფექტიანი ისაა, რომელიც ბიომეტრიულ ინფორმაციას აანალიზებს. აი, სწორედ ამ იდეას ეფუძნება ადამიანის თვალის ირისის სკანირება, რადგან თითოეული ჩვენგანის თვალი უნიკალურია, როგორც ფერით, ასევე ფორმით და აგებულებით. თან, ირისის სტრუქტურიდან გამომდინარე, მისი გაყალბება გაცილებით რთულია, ვიდრე, მაგალითად, თითის ანაბეჭდის, რომელიც ასევე ბიომეტრიულ ინფორმაციას განეკუთვნება.

Tools for Humanity-ის სახელით ცნობილი პროექტის იდეა, სწორედ ადამიანების თვალების უნიკალურობაზე დგას. სემ ოლტმენის კომპანიას სურს მილიონობით ადამიანის თვალი დაასკანეროს და თითოეულ მათგანს უნიკალური ციფრული ID-კოდი მიანიჭოს, რომელსაც მომავლის კომპიუტერული სისტემები ადამიანების და ხელოვნური ინტელექტის ერთმანეთისგან გასარჩევად გამოიყენებენ. ამიერიდან, ეს ტექნოლოგია მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე — ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება ხელმისაწვდომი, რაც სემ ოლტმენის ამ პროექტს საგრძნობლად დაბუსტავს.

ვინაიდან, Tools for Humanity-ის ხელმძღვანელობა მოქალაქეებს ბიომეტრიული მონაცემების შეყვანას ვერ აიძულებდა და ნებაყოფლობითაც თვალების სკანირების რიგში არავინ ჩადგებოდა, მათ საკმაოდ ორიგინალური მიდგომა აირჩიეს - ყოველი მოქალაქე, რომელიც კომპანიას მისი თვალების სკანირების საშუალებას მისცემს, ჯილდოს სახით კრიპტოვალუტას მიიღებს. როგორც ჩანს, ეს სქემა ამართლებს, რადგან საჯარო დებიუტის შემდეგ, პროექტში მონაწილეობა 12 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და დროის გასვლასთან და საჭიროების მომატებასთან ერთად, ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები