დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელზე ისაუბრა და საზოგადოებას, ექიმებსა და პროფესიონალებს მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, ყველაფერი ჯერ წინ არის.
„საქართველომ, სახელმწიფომ, საზოგადოებამ, პროფესიონალებმა, მხედველობაში მყავს ჩემი კოლეგები, ყველა ის ადამიანი მესაზღვრიდან დაწყებული მძღოლით დასრულებული, რომელსაც გადაჰყავს პერსონალი, ყველამ მოვახერხეთ ის, რომ დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი, რომ ჩვენი ეპიდემიის გავრცელების მრუდი არ არის ციცაბო.
წინა კვირაში თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა სამი ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ თქვენ უმრავლესმა დაიცავით ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო იძლეოდა, მოავახერხეთ ის, რომ ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად არ სცილდება 10 ახალ შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასევე, საქართველოში დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მაგრამ მოგეხსენებათ ყველაფერი წინ არის, ჯერ პანდემია მთელ მსოფლიოში ვრცელდება, მისი გავრცელება ვერ გააჩერეს დიდმა ქვეყნებმა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























