მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამირან გამყრელიძე: covid-ვაქცინებისთვის შესაბამისი მაცივრები გვაქვს და კიდევ ვყიდულობთ

5fd9f50974509
ინგა მურუსიძე
16.12.20 15:57
1199
კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოები იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც უწყებთშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე უნდა იმუშაოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ "ვაქცინაციისთვის სერიოზული მზადება მიმდინარეობს". როგორც ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკვე ჩამოყალიბებულია 2 ჯგუფი: ერთი - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ხოლო მეორე - უწყებათშორის საბჭოსთან. 

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არსებულმა ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები თუ ვინ უნდა აიცრას პირველი, როგორი უნდა იყოს მიწოდების სერვისები და ასევე, შეფასდა ქვეყანაში ე.წ. ცივი ჯაჭვის სისტემა. 

კერძოდ, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, -20 გრადუსზე მომუშავე სამაცივრე მოწყობილობები არსებობს მუნიციპალიტეტების დონეზე, -70-80 გრადუსზე კი, ქვეყანაში, დაახლოებით, 40-მდე მაცივარია, კიდევ რამდენიმე კი შესყიდვის პროცესშია, რის შემდეგაც დიდ ქალაქებში აღნიშნული სისტემაც გაიმართება.

"საქართველოს აქვს კარგად გამართული -2-8 გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა და თავისუფლად შეუძლია მიიღოს ვაქცინები, რომელიც დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს, მათ შორის „ასტრა ზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება „მოდერნას“ ვაქცინას, ამირან გამყრელიძის თქმით, მუნიციპალიტეტების დონეზე -20 გრადუსინი მაცივრები საკმარისად არის და ამ ვაქცინის მიღება ქვეყანას შეუძლია, ხოლო „ფაიზერის“ -70 გრადუსიან ცივ ჯაჭვს რაც შეეხება, NCDC-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ასეთი ქვეყანაში, დაახლოებით, 40-მდე მაცივარია და ისინი დაკავებულია, თუმცა რამდენიმეს გამოთავისუფლება შეიძლება.

"მაცივრების შეძენა უკვე დაწყებულია იმ შემთხვევისთვის, თუ „ფაიზერის“ ვაქცინის შეძენა გადაწყდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და იქვე დასძინა, რომ „საჭირო იქნება ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია".

თავს მხრივ, საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ სრულდება მუშაობა ვაქცინაციის დანერგვის გეგმაზე. "ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები