ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შესაძლოა კიბოს იმუნოთერაპიას (ICI) მნიშვნელოვნად აუმჯობესებდეს. აღმოჩნდა, რომ ვაქცინები, რომლებიც თავდაპირველად კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა, შეუძლიათ გაააქტიურონ იმუნური სისტემა ისე, რომ ორგანიზმი უფრო ეფექტიანად უტევდეს სიმსივნურ უჯრედებს.
ICI-ით მკურნალობა უკვე მრავალი წელია გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სიმსივნის დროს და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევს, თუმცა მისი ეფექტი მხოლოდ იმ პაციენტებში შეიმჩნევა, ვისაც მკურნალობამდე უკვე გააქტიურებული აქვს იმუნური სისტემა. მათთვის, ვის ორგანიზმშიც "ცივი“ ანუ იმუნოლოგიურად უმოქმედო სიმსივნური უჯრედებია, ეს თერაპია იშვიათად მუშაობს.
მეცნიერებმა კი ახლა აღმოაჩინეს, რომ SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინები ამ "ცივ" სიმსივნურ უჯრედებს იმუნოლოგიურად აქტიურებად აქცევს. ექსპერიმენტებში დაფიქსირდა, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ ორგანიზმში მკვეთრად იმატებს პირველი ტიპის ინტერფერონის დონე — ეს ნივთიერება ასტიმულირებს იმუნურ უჯრედებს, რომლებიც შემდეგ ამოიცნობენ სიმსივნეს და მის წინააღმდეგ იწყებენ მოქმედებას.
კვლევის ავტორების თქმით, ვაქცინით გამოწვეულ იმუნურ პასუხს შეუძლია "განაახლოს" კიბოს იმუნოთერაპიის ციკლი, რაც ზრდის მკურნალობის შედეგიანობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოჩენა იმ პაციენტებისთვის, ვისაც არ ჰქონდა წინასწარი იმუნური რეაქცია სიმსივნეზე. სწორედ ამ შემთხვევაში არის COVID-19-ის ვაქცინები ყველაზე ეფექტური ICI-სთან კომბინაციაში.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ვაქცინის მიღება იმუნოთერაპიის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების საერთო გადარჩენას. კვლევა მოიცავდა როგორც ფილტვის არა-პატარა უჯრედოვან კიბოს (NSCLC), ისე მელანომის შემთხვევებს.
მეცნიერებმა ადამიანებშიც შენიშნეს იგივე ბიოლოგიური პროცესები, რაც ცხოველთა მოდელებში — ინტერფერონის მატება, მიოლოიდურ და ლიმფოიდურ უჯრედთა გააქტიურება, და სიმსივნურ ქსოვილში PD-L1-ის გამომუშავების გაზრდა. PD-L1 არის მოლეკულა, რომელიც სიმსივნეებში ხშირად ჩნდება და თრგუნავს იმუნურ პასუხს, მაგრამ იმუნოთერაპია სწორედ ამ მექანიზმის დაბლოკვით მუშაობს.
ამიტომ, როცა ვაქცინა ზრდის PD-L1-ის რაოდენობას, ხოლო ICI ბლოკავს მის მოქმედებას, თერაპიული ეფექტი ორმაგად ძლიერდება.
მეცნიერების შეფასებით, ეს აღმოჩენა შესაძლოა გახდეს ბიოტექნოლოგიისა და ონკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება ბოლო წლებში. ფაქტობრივად, კვლევა აჩვენებს, რომ არასიმსივნური დანიშნულების ვაქცინებსაც შეუძლიათ იმუნური სისტემის ისეთი მოდულაცია, რომელიც კიბოსთან ბრძოლაში გადამწყვეტი ხდება.
ამგვარად, COVID-19-ის ვაქცინა არა მხოლოდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღია, არამედ შეიძლება აღმოჩნდეს ახალი იმუნოთერაპიული პლატფორმა, რომელიც კიბოს მკურნალობის მომავალს მნიშვნელოვნად შეცვლის.




























