დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინების მარაგი თანდათანობით ფართოვდება. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან, მის მოადგილე თამარ გაბუნიასთან და საქართველოში ჩინეთის ელჩ ლი იენისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ თქვა, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მედიაზე, თუ რამდენად სწორ ინფორმაციას მიაწვდის მოქალაქეებს.
„ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული მასმედიაზე, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას და რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტივობა. დღეს სხვა იარაღი ეპიდემიის დამთავრებისთვის ქვეყანაში არ არის; ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. ჩვენ თუ შევასრულებთ წელს დასახულ მიზანს და ავცრით მოსახლეობის 60%-ს, დარწმუნებული იყავით, ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის: საქართველოში ჩინური „სინოფარმის“ 100 000 დოზა შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ "ვაქცინის სანდოობაზე კითხვები აღარ ისმის".




























