დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 10-წლიანია და ის 2026 წლამდე იმოქმედებს. როგორც მან BMG-თან საუბრისას განაცხადა, პროგრამის ფარგლებში 87 ათასმა ადამიანმა იმკურნალა, რომელთა განკურნების მაჩვენებელი 99%-ია.
ცნობისთვის, პროგრამა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის" დაფინანსებით 2016 წლიდან ხორციელდება.
"ცე ჰეპატიტის პროგრამა 2015 წელს დაიწყო საქართველოში, როდესაც მედიცინაში დიდი გარღვევა მოხდა და შეიქმნა წამალი "სოფოსბუვირი", ამან გადატრიალება მოახდინა მკურნალობაში და განკურნების ეფექტი 95%-ს ზემოთ ჰქონდა. $85 000 ღირდა ეს წამალი და მისი შეძენა წარმოუდგენელი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ბევრი ევროპელი ქვეყნისთვისაც.
დღევანდელი მონაცემებით გამოკვლეული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 80% და ნამკურნალებია 87 ათასი ადამიანი, 99%-იანი ვირუსის განკურნების ეფექტით. ამან ათობით ათასი ადამიანი გადაარჩინა ქვეყანაში და მისი თანხებში გამოხატვა არაეთიკურია, რადგან პირველი 3 წელი ის ღირდა $85 000, შემდეგ ცხადია შემცირდა, ვინაიდან უკვე ბევრი გენერიკია და ახლა 3-თვიანი კურსის ღირებულება $300-მდეა ჩამოსული", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტის მიღების შესახებ ხელშეკრულება მწარმოებელ კომპანია "გილიადსა" და საქართველოს მთავრობას შორის 2016 წელს გაფორმდა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საშიშროებაა მისი შეწყვეტის, თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, არ შეწყდება ხელშეკრულება, ვინაიდან ის ათი წლითაა გაფორმებული.
"წამალი მოდის როგორც გრანტი, როგორც საჩუქარი, დანარჩენ კვლევის კომპონენტებს კი აფინანსებს სახელმწიფო.
ამერიკელებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე ჩვენ ჯანდაცვა ფეხზე ვერ დადგებოდა და ახლაც ჩვენ გაგვიჭირდება განვითარება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.