როგორ მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა? - BMG გთავაზობთ ბლოგების ციკლს, რომელსაც პროფესორი ამირან გამყრელიძე BMGTV-ის გადაცემა "ჯანდაცვის სტანდარტისთვის" ამზადებს.
ისრაელი წარმოადგენს ჯანდაცვის სერვისებით უნივერსალური დაფარვის მქონე სისტემის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს, რომელიც 1995 წლიდან მოქმედი ეროვნული ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ კანონის საფუძველზე, უზრუნველყოფს ქვეყნის ყველა რეზიდენტის ჩართვას ოთხ არამომგებიან ჯანმრთელობის ფონდში. ეს ფონდები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ „ჯანმრთელობის კალათაში“ ანუ სამედიცინო დახმარების საბაზისო პაკეტში განსაზღვრული ერთიანი ძირითადი სერვისები; კალათის განახლება ყოველწლიურად ხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული საჯარო კომიტეტის რეკომენდაციებით, რაც უზრუნველყოფს კლინიკური ეფექტიანობისა და ბიუჯეტური მდგრადობის დაბალანსებას.
სისტემა ეფუძნება სამართლიანობის, თანასწორობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებს, რამაც მას მსოფლიოს მოწინავე ჯანდაცვის სისტემებს შორის დაუმკვიდრა ადგილი. ისრაელი გამოირჩევა ჯანდაცვის სისტემის მაღალი ეფექტიანობით და მოსახლეობის კარგი ჯანმრთელობის ინდიკატორებით, თუმცა, სხვა დასავლურ ქვეყნებთან შედარებით, ჯანდაცვაზე მშპ-ის შედარებით დაბალი დანახარჯებისა და სამედიცინო პერსონალის დეფიციტის გამოწვევის წინაშე დგას.
სერვისების სავალდებულო კალათა მოიცავს ოჯახის ექიმსა და სპეციალისტებთან ვიზიტებს, დიაგნოსტიკასა და ლაბორატორიულ კვლევებს, ჰოსპიტალურ მომსახურებას (მათ შორის მშობიარობა), პირველადი და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, ქრონიკული დაავადებების მართვას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს და სამინისტროს მიერ დამტკიცებულ მედიკამენტებს. ამ ჩამონათვალის პერიოდული განახლება უზრუნველყოფს ინოვაციური მკურნალობის დროულ ხელმისაწვდომობას ბიუჯეტური შეზღუდვების გათვალისწინებით.
პირველადი ჯანდაცვა ძირითადად ორგანიზებულია ჯანმრთელობის ფონდების კლინიკებში - მრავალ დისციპლინური გუნდებით (ოჯახის ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები და სხვა). Clalit, როგორც უმსხვილესი ფონდი, ხშირად აწარმოებს პირდაპირ მომსახურებას საკუთარ ქსელში; დანარჩენი ფონდები ფართოდ იყენებენ კონტრაქტორებს.
მოსახლეობის დაფარვა ყოველმხრივია, თუმცა, ზოგიერთი სერვისი, მაგალითად, სტომატოლოგიის უმეტესობა, არ შედის საბაზისო კალათაში. ამ ხარვეზების შესავსებად და უკეთესი მომსახურების მისაღებად, ისრაელის მცხოვრებლების უმეტესობა ნებაყოფლობით დამატებით დაზღვევას ყიდულობს თავისივე ჯანდაცვის გეგმებისგან.
ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმატებაზე მიუთითებს შემდეგი ძირითადი მაჩვენებლები: 2023 წლის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენს, დაახლოებით, 82.6 წელს, რაც 2.3 წლით მაღალია OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე; თავიდან აცილებადი სიკვდილიანობა 83 ასი ათას მოსახლეზე (OECD-ის საშუალო - 158). მოსახლეობის 10.9%-მა თავისი ჯანმრთელობა შეაფასა, როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი (OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 7.9%).
ისრაელი ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვაზე 3 444 აშშ დოლარს ხარჯავს, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელზე (4986 აშშ დოლარი) ნაკლებია. ეს მშპ-ს 7.4%-ს უდრის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელთან (9.2%) შედარებით, რაც სისტემის მაღალ ეფექტურობაზე მიუთითებს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჯანმრთელობის გადასახადიდან ფინანსდება ჯანდაცვაზე ეროვნული დანახარჯების დაახლოებით 66.1%-ს. კერძო დაფინანსების წილი, რომელიც მოიცავს ჯიბიდან გადახდებს, დამატებითი და ნებაყოფლობითი-კერძო დაზღვევის შენატანებს, შეადგენს, დაახლოებით, 33.9%-ს (2022 წლის მონაცემები), რაც ოდნავ აღემატება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს.
ისრაელი აწყდება მნიშვნელოვან დეფიციტს როგორც ექიმების, ისე ექთნების რაოდენობაში. ექიმების თითქმის ნახევარი 55 წელზე მეტი ასაკისაა და პენსიაზე გასვლის რისკი არსებობს. ასევე, არის გეოგრაფიული უთანასწორობა სამედიცინო პერსონალის განაწილებაში, სადაც პერიფერიული რაიონები ნაკლებად არიან უზრუნველყოფილნი კადრებით. დეფიციტის დასაძლევად მიმდინარეობს რეფორმები, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელში გაწვრთნილი ექიმების რაოდენობის ზრდას და ექთნების მომზადების გაძლიერებას.
ისრაელში მედიცინაში სწავლებისა და მზადების სტანდარტული პროგრამა 6-წლიანია (ზოგ უნივერსიტეტში – 4-წლიანი სამაგისტრო სწავლება მათთვის, ვისაც უკვე აქვს ბაკალავრის ხარისხი), რის შემდეგაც სავალდებულოა 1-წლიანი როტაციული ინტერნატურა და შემდეგი ეტაპია რეზიდენტურა სპეციალობებში. ასეთი სტრუქტურა უზრუნველყოფს 9–11 წლიან მზადებას სპეციალისტობამდე.
ლიცენზიას გასცემს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო პროფესიების დეპარტამენტი; უცხოეთში კვალიფიცირებულებს მოეთხოვებათ ეროვნული გამოცდები/დამატებითი შეფასება. საექთნო განათლება რეგულირდება სამინისტროს მიერ; ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია სახელმწიფოს გამოცდის ჩაბარება. ისრაელში არსებობს ასევე გადამზადების პროგრამები და შემდგომი სპეციალიზაცია .
სისტემა ძლიერ არის დამოკიდებული უცხოეთში განათლებულ ექიმებზე (ახლად ლიცენზირებული ექიმების მნიშვნელოვანი ნაწილი), თუმცა 2026 წლიდან ამ მიმართულებით რეგულაციები მკაცრდება, რაც შიდა მომზადების გაძლიერებას საჭიროებს.
ძლიერი მხარეები მოიცავს: (1) უნივერსალურ დაფარვას და სამართლებრივ გარანტიებს; (2) სერვისების სავალდებულო კალათა ფართოვდება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების ხარჯზე მედიკამენტებსა და ტექნოლოგიების კუთხით; (3) ძლიერ პირველად ქსელსა და პროფილაქტიკური სერვისების შედარებით მაღალ მოცვას (მაგალითად სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 72%).
ძირითადი გამოწვევებია: (1) ადამიანური რესურსების დეფიციტი (ექთნები განსაკუთრებით), და გეოგრაფიული უთანასწორობების არსებობა ცენტრსა და პერიფერიას შორის; (2) ჯიბიდან გადახდების წილი OECD საშუალოზე ოდნავ მაღალია, რაც ქმნის ფინანსური ბარიერების რისკს მოწყვლადი ჯგუფებისთვის; (3) დაბალი საწოლფონდი და ხანგრძლივი მოლოდინის დრო ზოგი სპეციალობით.



























