BMG აგრძელებს განვითარებას და 2025 წელს კიდევ ერთ დაანონსებულ მედია პროექტს იწყებს - “ჯანდაცვის სტანდარტი”.
BMG-ს გუნდს პროფესორი ამირან გამყრელიძე გადაცემის თანაწამყვანის რანგში შემოუერთდა. მასთან ერთად გადაცემას ყოველ კვირას ჯანდაცვის პოლიტიკაზე, საერთაშორისო მიღწევებსა თუ ქართული მედიცინის გამორჩეულ პროფესიონალურ ხედვებზე “საქმიანი დილას” წამყვანი ნინი ლონგურაშვილი გაუძღვება.
“ჯანდაცვის სტანდარტი” - ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც BMGTV-ს ეთერში ყოველ კვირა დღეს 11:30-ზე დაიწყება და BMG-ის კარგად გამოცდილ პარტნიორებთან თუ ახალ მეგობრებთან ერთად საინტერესო სიახლეებს შემოგთავაზებთ.
“BMG-ის ჯიუტად ზრდადი და საქმიანი გუნდი ვეცდებით, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებთან ერთად დავდოთ დარგის განვითარებისთვის ისეთი სტანდარტი, რომლითაც ყველა იამაყებს და რაც მთავარია იხეირებს ქვეყანა და მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი. BMG-ში ზოგჯერ გადაჭარბებულად მაქსიმალისტები ვართ. ვფიქრობ, არც ამ გადაცემის დაგეგმვისას და ფორმატირებისას დავაკელით. სახელწოდებაშიც მაქსიმალისტები აღმოვჩნდით, როცა გადაცემას “ჯანდაცვის სტანდარტი” დავარქვით. სწორედ ამ სახელწოდებით გთავაზობთ ყოველკვირეულ გადაცემას, რომელიც ჩვენს ეთერში, BMGTV-ზე ყოველ კვირას, 11:30 წუთზე გავა, ვიდრე საეთერო დროს გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემა “ბიზნესის კვირეული” დაიკავებს. მიუხედავად იმისა, რომ თამასა საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ, შევძლებთ განსხვავებული და მაღალპროფესიონალური პროდუქტი შევქმნათ, რაში მხარდაჭერაც ჩვენი გამოცდილი პარტნიორებისგან ცალკე აღსანიშნია. მადლობა ამ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის სექტორში ნამდვილად მაღალი სტანდარტის მქონე კომპანია “ავერსის კლინიკებს” და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას”, რომლებმაც მხარდაჭერა ფაქტობრივად სასტარტო ეტაპზე, უპირობოდ გამოგვიცხადეს. მადლობა ყველა პარტნიორს და მაყურებელს, რომელთა გვერდში დგომით და ვისთვისაც ვქმნით ჩვენს მედია პროდუქტებს.
და რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო გადაცემის წამყვანი, ისეთი რანგის პროფესიონალთან ერთად, როგორიც ამირან გამყრელიძეა“, - ამბობს ნინი ლონგურაშვილი “ჯანდაცვის სტანდარტის” წამყვანი.
“ჯანდაცვის სტანდარტი” გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მიმოხილვებთან ერთად, შემოგთავაზებთ აქტუალურ თემებზე დისკუსიას და გაგაცნობთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკების თუ სამეცნიერო ლაბორატორიების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან.
“ჩემთვის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად ამ პროექტის განხორციელება დიდი პატივია. მინდა აღვნიშნო, რომ წაყვანის როლში პირველად ვარ, ხშირად ვყოფილვარ რესპონდენტი, მაგრამ არა წამყვანი და ესეც საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის. ვფიქრობ, ეს პროექტი დაეხმარება ქვეყანას მაღალი სტანდარტის დაწესებაში, რადგან ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და ჩვენ, ჩვენი მხრივ დავეხმარებით ინდუსტრიას, ქართველი თუ უცხოელი გამორჩეული ექსპერტების ჩართულობით და ხედვებით, თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.