ჯანდაცვის ექსპერტის სანდრო ურუშაძის შეფასებით, მედიკამენტებზე მოსახლეობის დანახარჯების შესამცირებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია. შესაბამისად, ჯანდაცვის პროდუქტების გაძვირებას მოსახლეობა თავის ჯიბეზე გრძნობს. ამის შესახებ მან "საქმის კურსთან" ჯანდაცვის ჯგუფში ინფლაციის შეფასებისას განაცხადა.
„ჯანდაცვა რომ გაძვირებულია, ეს საქსტატმა რომც არ გვითხრას, მოსახლეობა თავის ჯიბეზე გრძნობს, იმიტომ რომ მთელი ამ ხარჯის ნახევარს ისევ მოსახლეობა იხდის, განსაკუთრებით მედიკამენტებს, კვლევებს, ის რაც ამბულატორიულად არის აუცილებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მიუხედავად ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, სამწუხაროდ, ეს ისევ ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის. ის ნაბიჯები, რომელსაც დგამს სახელმწიფო, პირველ რიგში, ეს ეხება მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას, ალბათ არასაკმარისია. ამიტომაც მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ამბულატორიულ ხარჯებს, ქრონიკულ დაავადებებს, იმას, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას.
ჩვენ ვხედავთ, რომ ცხოვრება ძვირდება მთლიანად და ჯანმრთელობა გამონაკლისი არ არის, ამის მიზეზები დაკავშირებულია მთლიანად ეკონომიკასთან, იმასთან, რომ შემცირდა ინვესტიციები, იმ იზოლაციურ პოლიტიკასთან, რაშიც ვცხოვრობთ, საბოლოოდ ყველაფრის ფასს, მათ შორის, ჩვენი მთავრობის შეცდომების ფასს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით", - აცხადებს სანდრო ურუშაძე.
მისი თქმით, ჯანდაცვის ხარჯები მსოფლიოში იზრდება და ამ კუთხით საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა მეორე მხრივ მსოფლიოში გაზრდილი ხარჯები უკეთეს ხარისხს, უფრო ჯანმრთელ მოსახლეობას, ახალ ტექნოლოგიებს და მეთოდებს ხმარდება, საქართველოში კი მოსახლეობა უფრო ძვირ ფულს იგივე მომსახურებასა და იგივე ხარისხში იხდის.
2026 წლის სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა. ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.5%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.8%);
























