როგორ მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა? - BMG გთავაზობთ ბლოგების ციკლს, რომელსაც პროფესორი ამირან გამყრელიძე BMGTV-ის გადაცემა "ჯანდაცვის სტანდარტისთვის" ამზადებს.
გერმანიის ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, კომპლექსური და მაღალგანვითარებული სისტემაა, რომელიც ერთდროულად მდიდარ ისტორიასა და ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებს. ის ძირითადად სოციალური დაზღვევის (ბისმარკის) მოდელზეა დაფუძნებული, თუმცა კერძო დაზღვევის ელემენტებსაც მოიცავს.ჯანდაცვის გერმანული მოდელი გამოირჩევა მაღალი ხარისხით,ხელმისაწვდომობით და კარგად ორგანიზებული მმართველობითი სტრუქტურით.
გერმანიაში ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომია, მიუხედავად შემოსავლებისა და სოციალური ფენის კუთვნილებისა.მოსახლეობის დაახლოებით 90% დაფარულია სახელმწიფო სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევით, ხოლო დანარჩენი 10% – კერძო დაზღვევით.
როგორია გერმანიის ჯანდაცვის სტანდარტი?/ხარისხის კონტროლი, კვალიფიკაცია & გამოცდილება
გერმანია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ხარისხის კონტროლსა და სისტემის უწყვეტ გაუმჯობესებაზე. განსაზღვრულია ხარისხის კონკრეტული ინდიკატორები მრავალი მიმართულებით. უზრუნველყოფილია თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. მაღალია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება.
როგორ რეგულირდება ჯანდაცვა გერმანიაში?/პაციენტის უსაფრთხოება & ინფექციების პრევენცია
ქვეყანაში პაციენტის უსაფრთხოება და ინფექციების პრევენცია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა: გერმანიაში ინფექციის კონტროლის მკაცრი რეგულაციებია საავადმყოფოებში, რაც მიზნად ისახავს მულტირეზისტენტული ბაქტერიების გავრცელების შეკავებას და პაციენტების სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებისგან დაცვას. ინფექციის კონტროლის რეგულაციები შეიძლება მოიცავდეს პაციენტების ვრცელ გამოკვლევებს მიღებისას და მკაცრ წესებს ვიზიტორებისთვის.
როგორ რეგულირდება ჯანდაცვა გერმანიაში?/პაციენტი ირჩევს სასურველ ექიმს და კლინიკას
პაციენტებს აქვთ თავისუფლება აირჩიონ ექიმები, საავადმყოფოები და სპეციალისტები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სისტემის ფარგლებში. დიდი აქცენტი კეთდება პირველად ჯანდაცვაზე, სადაც ზოგადი პრაქტიკოსი ხშირად პირველი საკონტაქტო პირია. გერმანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის პროგრამებს, რაც მოიცავს ვაქცინაციის პროგრამებს, სკრინინგებს და ჯანმრთელობის განათლების ინიციატივებს.
გერმანიის ჯანდაცვის სისტემა მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას, სპეციალისტის კონსულტაციებს, მედიკამენტებს და გრძელვადიან მოვლას.
როგორ რეგულირდება ჯანდაცვა გერმანიაში?/სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მოდელი
გერმანიის ჯანდაცვის სისტემის ქვაკუთხედი ისტორიულად ჯანმრთელობის სავალდებულო სადაზღვევო ფონდებია; დაფინანსების ძირითადი წყაროა დასაქმებულთა და დამსაქმებელთა სავალდებულო შენატანები, რომლებიც შემოსავლის 14.6% პროცენტს შეადგენს თანაბრად განაწილებული დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
მიუხედავად ყოვლისმომცველი დაფარვისა, არსებობს გარკვეული თანაგადახდები (მაგ.,მედიკამენტებისთვის, საავადმყოფოში ყოფნის ყოველდღიური გადასახადი, გარკვეული დიაგნოსტიკური პროცედურები). ჯიბიდან გადახდები მთლიანი დანახარჯების შედარებით მცირე ნაწილს შეადგენს (დაახლოებით 10%-ს).
ჯანდაცვაზე გაწეული საერთო (აგრეგირებული) დანახარჯები /გერმანია - €500 მლრდ (2022 წელი)
გერმანია ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყნაა მსოფლიოში ჯანდაცვაზე დანახარჯებით. 2022 წლის მონაცემებით მთლიანი დანახარჯები ჯანდაცვაზე, დაახლოებით, 500 მილიარდი ევრო,ან მშპ-ის დაახლოებით 12.61%, ეს მაჩვენებელი აშშ-ის შემდეგ ყველაზე მაღალია განვითარებულ ქვეყნებს შორის. მთლიანი დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე: დაახლოებით 6,000 ევროზე მეტი, სახელმწიფო დანახარჯები - 80 %, ჯიბიდან გადახდები - 10 %, ჯანდაცვაზე საზოგადოებრივი დანახარჯების წილი სახ. ბიუჯეტის - 20.5%-ია.
დანახარჯების უმეტესი ნაწილი საავადმყოფოს სერვისებზე (დაახლოებით 30-35%), პირველად ჯანდაცვასა (ამბულატორიული მომსახურება, დაახლოებით 20-25%) და მედიკამენტებზე (დაახლოებით 15-20%) მოდის.
როგორია გერმანიის ჯანდაცვის სტანდარტი? / ხარისხის კონტროლი,კვალიფიკაცია &გამოცდილება
გერმანიაში ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ნამდვილად მაღალია, თუმცა ზოგიერთ რეგიონში (განსაკუთრებით სოფლად) შეიძლება იყოს სპეციალისტების დეფიციტი. კერძო დაზღვეული პაციენტები ხშირად უფრო სწრაფად იღებენ ვიზიტებს სპეციალისტებთან. გერმანია გამოირჩევა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული მაღალკვალიფიციური პერსონალით. გერმანიის სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული მზადების სისტემა ძირითადად საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების ბაზაზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში,რაც განაპირობებს სამედიცინო დახმარების მაღალ ხარისხს.
გერმანია: 420,000 აქტიური ექიმი (2022 წელი) / 1,3 მილიონი ექთანი & დამხმარე პერსონალი
2022 წლის მონაცემებით, გერმანიაში დაახლოებით 420,000-ზე მეტი აქტიური ექიმია. 1,000 მოსახლეზე დაახლოებით 4.5 ექიმი მოდის, რაც OECD-ის საშუალო მაჩვენებელზეც მაღალია. გერმანიაში დაახლოებით 1.3 მილიონი ექთანი და სხვა სამედიცინო დამხმარე პერსონალია დასაქმებული; და მიუხედავად დიდი რაოდენობისა გარკვეული სპეციალობების(მაგ., ფსიქიატრია,ანესთეზიოლოგია სოფლად)და ექთნების დეფიციტი მაინც არსებობს,რაც გამოწვეულია მოსახლეობის დაბერებითა და სამუშაო პირობებით.
რომ შევაჯამოთ, ბაზისური სტატისტიკა და ჯანმრთელობის მთავარი ინდიკატორები გერმანიის მაგალითზე, ასეთ სურათს ვიღებთ:
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (გერმანია) 84 წელი
მოსახლეობა-დაახლოებით 84 მილიონი; სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საერთო დაახლოებით 81.3 წელი (2022 წლის მონაცემებით), მამაკაცებში 78.6, ქალები 84.0 წელი. ეს მაჩვენებლები OECD-ის დეკლარირებულ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე მაღალია და მიუთითებს გერმანიის ჯანდაცვის სისტემის გამორჩეულ ეფექტურობაზე. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა: 2.9 სიკვდილი 1,000 ცოცხალშობილზე (ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში),დედათა სიკვდილიანობა 4.0 გარდაცვალება 100 000 ცოცხალშობილზე.
როგორია გერმანიის ჯანდაცვის სტანდარტი? / ხარისხის კონტროლი, კვალიფიკაცია & გამოცდილება
გერმანიის საავადმყოფო საწოლფონდი -1,000 მოსახლეზე დაახლოებით 7.8 საწოლი მოდის, რაც ასევე OECD-ის ქვეყნებს შორის შედარებით მაღალი მაჩვენებელია. გერმანიის ჯანდაცვის სისტემა წარმოადგენს სოციალური სოლიდარობისა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების კარგ მაგალითს. მიუხედავად მაღალი დანახარჯებისა და გარკვეული გამოწვევებისა (მოსახლეობის დაბერება, კადრების დეფიციტი, დაფინანსების მოდელის მდგრადობა გრძელვადიან პერსპექტივაში)გერმანიის ჯანდაცვის მოდელი უზრუნველყოფს უნივერსალურ დაფარვას და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ხარისხის მაღალ დონეს, რითაც ამ ქვეყნის ჯანდაცვის სტანდარტი, მართლაც გამორჩეული მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებს შორის.



























