როგორ მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა? - BMG გთავაზობთ ბლოგების ციკლს, რომელსაც პროფესორი ამირან გამყრელიძე BMGTV-ის გადაცემა "ჯანდაცვის სტანდარტისთვის" ამზადებს.
საფრანგეთში სახელმწიფო და კერძო სამედიცინო პროვაიდერები ურთიერთთანამშრომლობენ, ხოლო ძირითადი სერვისებია: პირველადი ჯანდაცვა: ოჯახის ექიმები - ე.წ.მეკარიბჭის ფუნქცია სავალდებულო არ არის, თუმცა კოორდინირებული რეფერალების სისტემა სტიმულირებულია. სპეციალიზებული მომსახურება: ჰოსპიტალური და ამბულატორიული სერვისები საჯარო და კერძო სექტორში.ჰოსპიტალური სისტემა: საუნივერსიტეტო ცენტრები, საზოგადოებრივი საავადმყოფოები, კერძო არასამეწარმეო კლინიკები და კერძო კომერციული დაწესებულებები უზრუნველყოფენ მაღალხარისხიანი ჰოსპიტალური მომსახურების მიწოდებას. გრძელვადიანი მოვლა: ხანდაზმულთა და ქრონიკული პაციენტების სერვისები კარგადაა განვითარებული. მედიკამენტები: მკაცრი რეგულაციებით, ფასების კონტროლით და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ეროვნული ჩამონათვალის მიხედვით ანაზღაურებით.
სოციალური დაზღვევის სქემა/ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის საფუძველი
საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის საფუძველს წარმოადგენს სოციალური დაზღვევის სქემა, რომელიც ფინანსდება დასაქმებულისა და დამსაქმებლის შენატანებით, სახელმწიფოს დაფინანსებით გადასახადებიდან, დამატებითი ე.წ. შემავსებელი– კერძო ან ნახევრად კორპორაციული დაზღვევით. ჰოსპიტალური სერვისების ანაზღაურება უმეტესწილად ხდება Activity-Based Payment მოდელით ე.წ. T2A, რომელიც მსგავსია თქვენთვის კარგად ცნობილი DRG-ს.
საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემური დანახარჯები
ჰოსპიტალური ხარჯები შეადგენს დაახლოებით 45–47% საერთო ჯანმრთელობის ხარჯებიდან, რაც მაღალია OECD საშუალო მონაცემებთან შედარებით. ამბულატორიულ სერვისებზე იხარჯება დაახლოებით 28–30%.
საფრანგეთი ჯანდაცვაზე ხარჯავს მშპ-ის 11-12%-ს
საფრანგეთი ჯანმრთელობაზე ხარჯავს, დაახლოებით, 11–12%-ს საკუთარი GDP-დან, რაც ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს შორის არის ევროკავშირში. ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის წლიური ხარჯი საშუალოდ $7,136 2023 (PPP). ეს მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალოზე მაღალია. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი 78%-ია ჯანდაცვაზე მიმდინარე დანახარჯებიდან. ჯიბიდან გადახდები 6-7%-ს შეადგენს.
საფრანგეთის საავადმყოფოების 2/3 სახელმწიფო საკუთრებაშია
საფრანგეთში - საჯარო ანუ სახელმწიფო საავადმყოფოები უზრუნველყოფენ დაახლოებით ორ მესამედს საერთო საავადმყოფო საწოლებისა და დომინირებენ ქვეყნის სამედიცინო ინფრასტრუქტურაში. საფრანგეთში საავადმყოფოებს სხვადასხვა კატეგორიები აქვთ: ადგილობრივი, ზოგადი, რეგიონული, სპეციალიზებული, და საუნივერსიტეტო ჰოსპიტლები (teaching / university hospitals) – ეს უკანასკნელი 32-ია, რომლებიც აერთიანებენ სამედიცინო კლინიკურ მომსახურებას, სწავლას და კვლევას. მოქალაქეებს ხშირად აქვთ დამატებითი კერძო დაზღვევაც. გართულებული და რთული პათოლოგიების შემთხვევაში პაციენტები იყენებენ რეგიონულ / საუნივერსიტეტო ცენტრებს . მოკლედ: სისტემა არის კომბინირებული — საჯარო და კერძო, ძლიერი სოციალური დაზღვევით, კარგი კრიტიკული და სპეციალიზებული ზრუნვით, და გამარტივებული პრაქტიკით პაციენტებისთვის საავადმყოფოში მისასვლელად და მკურნალობისათვის.
საფრანგეთის ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორები
გადავხედოთ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის ძირითად ინდიკატორებს:
ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორებიდან სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საფრანგეთში: 82.3 წელია (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპაში).0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 3.4-ათას ცოცხალშობილზე. ავადობის ძირითადი ტვირთი მოდის არაგადამდებ დაავადებებზე: კარდიოვასკულარული დაავადებები, ონკოლოგია, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები, დიაბეტი. სერვისებით დაფარვა: 99%-ზე მეტი. ექიმების რაოდენობა: 3.4 ექიმი 1,000 მოსახლეზე. ექთნების რაოდენობა:11 ექთანი 1,000 მოსახლეზე. არის ვაქცინაციით მაღალი დაფარვა. ეს ინდიკატორები კიდევ ერთი უტყუარი დასტურია საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის მოწინავე პოზიციებისა მსოფლიოში.
სამედიცინო განათლების მიღება საფრანგეთში 9-12 წელიწადი გრძელდება
მედიცინის სწავლებას საფრანგეთში სჭირდება 9–12 წელი. სტუდენტები ამ განათლებას იღებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში — სამედიცინო ფაკულტეტებზე ანუ სამედიცინო სკოლებში და ასეთი 37-ია. პრაქტიკული, კლინიკური ეტაპი ხდება საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებში, ასეთი 32. სტუდენტების მიღება — განათლების დონის გათვალისწინებით კონტროლდება. საფრანგეთში ექიმის მომზადება ხანგრძლივი და სტანდარტიზებულია და მოიცავს სამ ძირითად ეტაპს: სწავლების პირველი ეტაპი– 2 წელი მოიცავს საფუძვლიან საბაზისო სამეცნიერო კურსებს. პირველი ეტაპის ბოლოს ტარდება ეროვნული გამოცდა, რომელიც ისტორიულად ძალიან კონკურენტულია. სწავლების მეორე ეტაპი– 4 წელი არის კლინიკური სწავლება, თეორიული ლექციები, სტაჟირება საავადმყოფოებში - შედეგია ეროვნული რეიტინგული გამოცდა. მესამე ეტაპი რეზიდენტურა 3–5 წელი სპეციალობის მიხედვით. საფრანგეთში სამედიცინო განათლების და კლინიკური პრაქტიკის ქსელი არის ფართო და კარგად ორგანიზებული: ათობით ფაკულტეტი და ყველა ტერიტორიის მასშტაბით გავრცელებული საუნივერსიტეტო ჰოსპიტლები.
მაგალითად ერთ-ერთი უძველესი — University Hospital of Montpellier.პარიზის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების ქსელი მოიცავს ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ფაკულტეტს ევროპაში. ისინი გამოირჩევიან როგორც მაღალი დონის კლინიკური მომსახურებით, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობით. ამ ქსელის ჰოსპიტლებს ახასიათებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზა, ძლიერი კვლევითი ინფრასტრუქტურა და უნივერსიტეტებთან ინტეგრირებული სწავლება, რაც მათ ევროპის ერთ-ერთ მთავარ სამედიცინო-აკადემიურ ცენტრებად აქცევს. საფრანგეთში მოქმედებს უწყვეტი პროფესიული განვითარების (DPC) სავალდებულო სისტემა, რომელიც მოიცავს რეგულარულ ტრენინგებს, კლინიკურ აუდიტებს, სიმულაციურ სწავლებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების კურსებს. DPC-ს ზედამხედველობას ახორციელებს სპეციალური სააგენტო.
საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები
რა თქმა უნდა არის, როგორც მთელს ევროპაში გამოწვევებიც. შეიძლება არსებობდეს დარგობრივი და ტერიტორიული უთანასწორობები არა ყველგანაა ხელმისაწვდომი უმაღლესი და კარგად აღჭურვილი კლინიკები - განსაკუთრებით სოფლის ან შორს მდებარე ადგილებში.
მაღალი კონკურენცია, რესურსების მართვის გამოწვევები, და დარგობრივი/გეოგრაფიული უთანასწორობები.




























