ბბ დაზღვევის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სადაზღვევო ბაზარზე პენეტრაციის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა არა იმ მაჩვენებლით, რა მაჩვენებლითაც მოზიდული პრემიებია გაზრდილი. კოტე სულამანიძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს სადაზღვევო სექტორი ტრადიციულად იმ ტემპით იზრდება, როგორც ეკონომიკა და ინფლაცია. ინფლაცია კი მნიშვნელოვნად ზრდის ზარალის დარეგულირების ხარჯებს. მაგალითად, ავტოდაზღვევის მიმართულებით ხარჯები 10%-ით გაიზარდა. ვინაიდან, ავტონაწილების იმპორტისა და საწვავის გაძვირების ხარჯი სადაზღვევო კომპანიების მოგებაზე უარყოფითად მოქმედებს, ბიბი დაზღვევის გენერალური დირექტორი ელის, რომ სადაზღვევო პრემია მცირედით კიდევ გაძვირდება.
„პენეტრაციის მაჩვენებელი მზარდია, მაგრამ არა იმ მაჩვენებლით, რა მაჩვენებლითაც მოზიდული პრემიებია გაზრდილი. ინფლაცია ძალიან მოქმედებს სადაზღვევო სექტორის ფასებზე. სადაზღვევო სექტორი ახდენს პრემიის ფასის ადაპტირებას, თუმცა ზარალის დარეგულირების ხარჯი იმდენად იზრდება, იმდენად მაღალია ინფლაცია ამ მიმართულებით, რომ პრემიის ფასი ხშირ შემთხვევებში ამას ვერ აკომპენსირებს. სტატისტიკასაც რომ ჩავხედოთ, ძალიან მომატებულია ზარალის დარეგულირების ხარჯები. მე ვვარაუდობ, რომ აქედან გამომდინარე, პრემიის ფასებიც საქართველოში გაიზრდება.
ავტოდაზღვევაზე გეტყვით, რადგან ჯანმრთელობაში არ ვართ შესულები, რომ დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი დარეგულირების ხარჯი. შესაბამისად, პრემიაც სულ მცირე 10%-ით ადაპტირებულად უნდა მოხდეს, მაგრამ ბაზარი დიდი არ არის და პრემიის კორექტირება პოლისის გაყიდვისთვის საკმაოდ რთული პროცესი ხდება, თუმცა გარდაუვალია ამის გარეშე ამის კეთება, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გავყევით რეალურ ხარჯებს, ჯამში გამოვა, რომ სადაზღვევო კომპანიები იმუშავებენ მუდამ ზარალზე. ეს უკვე სექტორისთვისაც ცუდია და, ბუნებრივია, სადაზღვევო ბიზნესის მთავარი ფუნდამენტი არის, რომ მოგება დაწეროს და იყოს სტაბილური, რომ შემდგომ დიდი ზარალების ანაზღაურება შეძლოს”,-აცხადებს კოტე სულამანიძე.
2026 წლის 6 თვის განმავლობაში 19 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 930 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 128 მილიონი ლარით აჭარბებს. აღნიშნულ პერიოდში სექტორის მიერ გამომუშავებული წმინდა მოგება წლიურად 8 მილიონი ლარით გაიზარდა და წლის პირველ ნახევარში 64 მილიონი ლარი შეადგინა.
























