მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15%-იანი ზრდა სადაზღვევო ინდუსტრიის ძალიან დიდი მონდომების და მუშაობის შედეგია - ლაშა ნიკოლაძე

ნიკოლაძე

წელს 9 თვეში საქართველოს სადაზღვევო სექტორი 15%-ით გაიზარდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამ კვარტალში 19-მა სადაზღვევო კომპანიამ 1,3 მილიარდ ლარამდე პრემია მოიზიდა. სექტორის ზედამხედველი მოელის, რომ წლის ბოლოსთვის სექტორის შემოსავლები პირდაპირი დაზღვევის სახეობებიდან 1,6 მილიარდ ლარს მიაღწევს.

ბაზრის მოთამაშეების შეფასებით, სადაზღვევო სექტორში ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ სამედიცინო დაზღვევაა. დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი

ლაშა ნიკოლაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ დაზღვევის სხვა სახეობებში მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება, უახლესი ტენდენცია კი აჩვენებს, რომ სამედიცინო სერვისების ფასების მერყეობის ფონზე მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვა უფრო პრიორიტეტული გახდა.

“დაახლოებით 15%-იანი ზრდაა სექტორში, რაც სადაზღვევო ინდუსტრიის ძალიან დიდი მონდომების და მუშაობის შედეგია. ძირითადი ზრდა სამედიცინო დაზღვევაზე მოდის, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული სამედიცინო სერვისების ფასების ტურბულენტობის პირობებში, ადამიანებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ მათი ჯანმრთელობა სათანადოდ იყოს დაცული, თუმცა სადაზღვევო პრემიები ამ მიმართულებით დამოკიდებულია სერვისების ფასზე და იზრდება. წლის ბოლომდე, ალბათ, მნიშვნელოვან ზრდას აღარ უნდა დაველოდოთ, მაგრამ შემდეგი წლიდან დაექვემდებარება იმ დინამიკას, როგორც ადრე იყო ხოლმე, დაახლოებით 10-12%-ის ფარგლებში.

მეორე ბესტსელერი, როგორც ადრე, არის ე.წ "კასკო", შემდეგ მოდის "კრედიტ ლაიფი" და ქონების დაზღვევა. ამ მიმართულებით საგრძნობი ზრდა არა გვაქვს და სადაზღვევო ინდუსტრია ისევ სავალდებულო კანონის დათქმის მოლოდინშია. თქვენ იცით, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში უნდა დაწყებულიყო მსჯელობა ავტომფლობელტა მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღებაზე, მაგრამ, სადაზღვევო ინდუსტრია ისევ მოლოდინის რეჟიმშია. ძალიან კარგი იქნება, თუ წლის ბოლომდე გაიხსნება ეს დისკუსია და როგორც მინიმუმ, იმ თარიღის დადგენაზე იქნება საუბარი, რომლისთვისაც მზად უნდა იყოს ყველა მხარე”,-აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები