დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო სექტორმა 930 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. ამავე პერიოდში კომპანიებმა 429 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურეს (გასული წლის 6 თვეში - 363 მლნ ლარი).
დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ნიკოლაძე "საქმიანი დილას" ეთერში აცხადებს, რომ მიუხედავად პრემიების მზარდი დინამიკისა, სექტორში სერიოზული გამოწვევები რჩება, რაც ბაზრის კონცენტრაციას, საბანკო ჯგუფების დომინაციასა და დაბალ შეღწევადობას უკავშირდება.
ლაშა ნიკოლაძის შეფასებით, ბაზარზე კონკურენციის შემცირების მკაფიო ტენდენციაა და სადაზღვევო ინდუსტრიაშიც საბანკო სექტორის მსგავსი ოლიგოპოლიური სურათი ყალიბდება.
"ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე სადაზღვევო ენტროპია მცირდება - პირველ ხუთეულში ოთხი კომპანია საბანკო ჯგუფების მიერ არის დაფუძნებული. საბოლოო ჯამში, რაც მოსალოდნელი იყო და არაერთხელ გვითქვამს კიდეც, თუ რაიმე ზომიერი ნაბიჯები არ გადაიდგა, მივდივართ იქითკენ, რომ როგორც საბანკო სფეროშია ორი გამოკვეთილი ლიდერი, სადაზღვევო ინდუსტრიაშიც ზუსტად იგივე მოცემულობას მივიღებთ. რამდენად კარგია ეს მომხმარებლისთვის თავისუფალი არჩევანის თვალსაზრისით, ცალკე საკითხია", - ამბობს ის.
მისივე თქმით, სიცოცხლის დაზღვევის შემდეგ საბანკო სადაზღვევო კომპანიების დომინირება ქონების დაზღვევის სეგმენტშიც გადავიდა, რის გამოც დაზღვევის კავშირი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს.
"ჩვენ ვამბობდით, რომ სიცოცხლის დაზღვევაში (კრედიტ-ლაიფი) იყო დომინანტური მდგომარეობა და ეს საბანკო კომპანიებს ჰქონდათ. იგივე მდგომარეობას ციფრულ ნაწილში ვხედავთ ქონების დაზღვევაშიც, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ კრედიტის გაცემისას ორ რამეს აზღვევინებენ: სიცოცხლესა და ჩადებულ ქონებას.
თავისთავად, დომინანტური მდგომარეობა ჩვენი კანონმდებლობით დარღვევას არ ნიშნავს - საკვლევი ის არის, ახდენს თუ არა ეს გავლენას სხვა კომპანიებსა და მთლიანად ბაზარზე. სამი წლის წინ, როდესაც ეს საკითხი ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შეისწავლა, სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით ექვსი რეკომენდაცია გასცა. თუმცა, ეს რეკომენდაციები ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის და ეროვნული ბანკის დამუშავების პროცესშია. ამასობაში მეორე საკითხიც წამოიწია და ჩვენ ვაპირებთ, ანტიმონოპოლიურ სამსახურს ქონების დაზღვევის ნაწილშიც მივმართოთ, რათა დომინანტური მდგომარეობის მოკვლევა დაიწყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ნაბიჯები მანამ არის გადასადგმელი, სანამ პროცესი ჩანასახშია და არა მაშინ, როცა უკვე ყველა გზა შეკრული იქნება და ვეღარაფერს შევცვლით", - ამბობს ლაშა ნიკოლაძე.
დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბაზარზე ზრდის გენერირებას ყველა მოთამაშე თანაბრად ვერ ახერხებს, რაც სისტემურ რისკებს აჩენს:
"ინდუსტრია კი იზრდება, მაგრამ პერიოდულად 7-8 კომპანია, ხანდახან 9-ც კი, ზრდას ვერ აგენერირებს - ან იგივე პრემია აქვთ (რაც, ჩემი აზრით, კლებაა), ან პირდაპირი კლება უფიქსირდებათ. 19 კომპანიიდან როცა 7-8 ერთ ადგილს ტკეპნის ან უკან მიდის, იქ ნორმატივების დაცვა და რისკების აღება გაუჭირდებათ. სადაზღვევო ინდუსტრია უნდა იყოს როგორც წყალში ზვიგენი: როცა არ ცურავს, ვერ სუნთქავს - სულ მოძრაობა და ზრდა უნდა ჰქონდეს".
რაც შეეხება მთავარ მიმართულებებს, ჯანმრთელობის დაზღვევაში მოცვა 21%-ია, ხოლო ავტოდაზღვევაში - 8%. ნიკოლაძის თქმით, რეალური ზრდისთვის აუცილებელია რეფორმები.
"ჯანმრთელობის დაზღვევაში დაზღვეულთა დიდი ნაწილი საბიუჯეტო კონტინგენტია, რომლის გარეშეც ნებაყოფლობითი წილი კიდევ უფრო მცირეა. გამოსავალი დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება და საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისგან მათი გამიჯვნა იქნებოდა. ავტოკასკოს 8%-იანი დაბალი მაჩვენებელი კი უკავშირდება იმას, რომ ინდუსტრია ისევ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მოლოდინშია, რომლის შემოღების შემდეგაც ავტოდაზღვევის წილიც მკვეთრად გაიზრდება", - აცხადებს დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება პროგნოზებს, ლაშა ნიკოლაძის შეფასებით, 2026 წლის ჯამური მოზიდული პრემია უკვე მესამე კვარტალის შედეგებით გადააჭარბებს 1 მილიარდ ლარს, თუმცა სექტორის წმინდა მოგება საგრძნობლად შემცირდება.
"მესამე კვარტალის ჭრილში მოგება მნიშვნელოვნად დაკორექტირდება და მკვეთრი კლება იქნება. მიზეზი ზაფხულში მოსული უხვი სეტყვაა, რის გამოც ავტოდაზღვევის ნაწილში კომპანიებს დიდი ზარალის ანაზღაურება მოუწიათ. საბოლოოდ, წლის ბოლოს მივიღებთ გაზრდილ, მილიარდზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებულ პრემიას, მოკრძალებულ მოგებას და იგივე სისტემურ გამოწვევებს დომინანტური მდგომარეობის ნაწილში. დაზღვევის განვითარებაზე ყველაზე კარგად საშუალო ფენის ჩამოყალიბება და სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება მუშაობს - სწორედ ამ ორ კომპონენტზეა დამოკიდებული რეალური პარამეტრების გაუმჯობესება", - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.




























