მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამირან გამყრელიძე: შეიძლება, დეკემბრის ბოლოს ინფიცირების შემთხვევები განახევრდეს

5fcdf48e052c3
ინგა მურუსიძე
07.12.20 13:22
738
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დეკემბრის ბოლოს შეიძლება covid-ით ინფიცირების შემთხვევები განახევრდეს და "სერიოზული ქვესვლის ტენდენცია შეიქმნას".

როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია რეკომენდაციების შესრულებაზე, მათ შორის პირბადის სწორად ტარების მაჩვენებლის 95%-მდე ასვლაზე.

„დაახლოებითი სამიზნე გვაქვს, რომ ამ კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, გავიდეთ 20 ათას ტესტზე ანუ გავაფართოოთ ტესტირება და ამის ძირითადი მიზანი არის, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირებულები და მათ მივცეთ რეკომენდაცია იზოლირების შესახებ, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება. ვთხოვთ მოსახლეობას, შეზღუდვების პირობებში მაქსიმალურად გავაფართოოთ გამოვლენის მაჩვენებელი.

ჩვენ ვართ პიკში და თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რად დადგენილია, ასევე, პირბადის ტარების მაჩვენებელს ავიყვანთ 95%-მდე, ამ თვის ბოლოს შეიძლება ახალ შემთხვევთა რიცხვი გავანახევროთ და სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში ქვესვლის, ხოლო აპრილისთვის ეს მაჩვენებელი ჩამოვიდეს დღიური 200-ის ფარგლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს მივიდნენ კოვიდ-ცენტრებში და აიღონ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომლის პასუხი 20 წუთშია. „ისარგებლეთ ამ შემოთავაზებით, 150-ზე მეტ ადგილას არის ხელმისაწვდომი ტესტირება. ეს არის უფასო. თუკი გაქვთ სიმპტომი, მიდით ე.წ. თვითდინებით კოვიდ-ცენტრებში და ჩაიტარეთ ტესტები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეს ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც ინფიცირების ჯამური რიცხვი 164 976-მდე გაიზარდა. დღესვე 36-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. სულ ვირუსმა ქვეყანაში 1 540 ადამიანი იმსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები