ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში ყაზახეთიდან ვიზიტები წლიურად 10.8%-ით შემცირდა და 62 713 შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 70 298 იყო. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების თანახმად, ყაზახეთი TOP-10 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა, გასული წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, კი - მეექვსე ადგილს იკავებდა.
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებაში" მიიჩნევენ, რომ ყაზახეთიდან ვიზიტების კლების განმაპირობებელი ორი მიზეზია. ერთ-ერთი ფაქტორი 2024-2025 წლებში ყაზახი ტურისტებისადმი არაკორექტული მოპყრობის შემთხვევების ზრდაა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. ამას თან ემატებოდა საზღვარზე ყაზახების არშემოშვების ხშირი შემთხვევებიც, რის შესახებაც გაერთიანებამ აპრილში განცხადებაც გაავრცელა. მოგვიანებით კი, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში თავისი მოქალაქეების არშემოშვების ფაქტებზე შეშფოთება გამოხატა.
როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, ამჟამად საზღვარზე არშემოშვების შემთხვევების პრობლემა ფაქტობრივად, აღმოფხვრილია, თუმცა, მომსახურების სფეროში ყაზახი ტურისტების მიმართ არასათანადო დამოკიდებულება კვლავ გამოწვევად რჩება.
“საზღვარზე არშემოშვების შემთხვევების პრობლემა იყო, ეს პრობლემა გადაიჭრა მას შემდეგ, რაც განცხადება გავაკეთეთ და შეხვედრები გვქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საზღვარზე ყაზახეთის მოქალაქეებისგან პრეტენზიები აღარ მოგვდის და ავიაკომპანიების სტატისტიკითაც მცირეა მსგავსი შემთხვევები, რაც ექვემდებარება ლოგიკას. რაც შეეხება სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვა კერძო დაწესებულებებში დამოკიდებულების პრობლემებს, ამას ჩვენ ვერ შევცვლით, ჩვენს ძალებს აღემატება.
ამ ყველაფერმა კლებაზე გავლენა იქონია. ვნახოთ, მომავალში როგორი სტატისტიკა იქნება“, - აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, კლების კიდევ ერთი მიზეზია ყაზახეთისთვის ალტერნატიული მარშრუტების გამოჩენაც, - „ყაზახეთისთვის სხვა ალტერნატიული მარშრუტები გაიხსნა ზღვის მიმართულებით, მაგალითად, ვიეტნამი ძალიან პოპულარული გახდა“, - დასძინა მან.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის მოსაზრებით, იმისათვის, რომ ყაზახეთიდან ტურისტების ზრდა კვლავ დაიწყოს, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სწორი დამოკიდებულებაა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მხრიდან და საჯარო სექტორიდან ამ კუთხით დადებითი ძვრებია. გარდა ამისა, გრძელვადიან პერიოდში, ჯახუტაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია ყაზახი ტურისტების სურვილებისა და საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება.
„მნიშვნელოვანია კომუნიკაციაც. პირადი გამოცდილება სწრაფად ზიარდება, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ, რომ ყაზახ ტურისტებს დადებითი გამოცდილება შევუქმნათ, რათა იქ შემდეგ სხვებს უთხრან, რომ აქ პრობლემები აღარ არის და ყაზახებს აქ წამოსვლა არ ეშინოდეთ სასაზღვრო პრობლემების, სასტუმროებში უხეშობის ან ტაქსებში პრობლემების გამო“, - აღნიშნა ჯახუტაშვილმა.
მისივე თქმით, ყაზახეთი დიდი ბაზარია, სადაც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ამ ბაზრისთვის საქართველო რამდენიმე მიზეზის გამოა საინტერესო. ერთ-ერთია ენის ბარიერის არქონა, ვინაიდან საქართველოში მათ შეუძლიათ რუსულად კომუნიკაცია, რასაც ვიეტნამში, თურქეთში ან სხვა ქვეყნებში ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლაც ერთ-ერთი სტიმულია.
„თუმცა ჩვენ თუ ყაზახ ტურისტებს არასათანადოდ მოვეპყრობით, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები ამას ვეღარ გადაწონის“, - დასძინა მან.




























