ყაზახეთში, ატირაუს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც საწარმოს დახურული ტიპის მექანიკური გამწმენდი ნაგებობის დალექვის აუზში ნავთობის შლამს ცეცხლი მოეკიდა.
როგორც ირკვევა, ინციდენტის დროს ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 12:35 საათზე გაჩნდა და ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. საწარმოს პრესსამსახურის განცხადებით, საგანგებო შემთხვევის მიუხედავად, ქარხანა მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტი რუსულ მედიაში გავრცელებულ იმ ცნობებს მოჰყვა, რომელთა თანახმადაც, ყაზახეთი რუსული ნავთობის გადამუშავებასა და წარმოებული ბენზინისა და დიზელის საწვავის 70%-ის მოსკოვში დაბრუნებაზე დათანხმდა.
ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ერლან აკენჟენოვის განმარტებით, დასახელებული შეთანხმების განსახორციელებლად წელიწადში 850 ათასი ტონის სიმძლავრის ქარხანა გამოიყენება.
ცნობისთვის, ატირაუს ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის ასტრახანის ოლქის მოსაზღვრედ მდებარეობს, 1945 წელს ექსპლუატაციაში შევიდა. 5.5 მილიონი ტონის წლიური სიმძლავრის მქონე საწარმო ქვეყნის სამ უმსხვილეს ნავთობგადამმუშავებელ ობიექტს შორის შედის და ეროვნულ კომპანია "ყაზმუნაიგაზს" ეკუთვნის.




























