პარლამენტმა დეპუტატების: ლევან მგალობლიშვილის, ეკა სეფაშვილის, დავით სონღულაშვილის, გიორგი ჩაკვეტაძისა და ანზორ ბოლქვაძის მიერ მომზადებული „საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ერთჯერად ამნისტიას ითვალისწინებს იმ მოსაკრებლის გადამხდელების მიმართ, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზია ჰქონდათ აღებული.
ამნისტია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის დარიცხული მოსაკრებლის თანხების ან მასზე დარიცხული ჯარიმა/საურავის ჩამოწერას ითვალისწინებს, რაც 2019-2022 წლების პერიოდში 1,3 მილიონ ლარზე მეტს აჭარბებს.
ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამნისტია 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდზე გავრცელდება.
„იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით პირებს ფაქტობრივად არ გააჩნიათ მოქმედი ბიზნესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან აღარ ფლობენ საქმიანობის ლიცენზიას (რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ლიცენზიების გაყიდვას, დაბრუნებას ან/და გაუქმებას) მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან. თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები, დღითიდღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა“,-ნათქვამია განმარტებით ბარათში.
პარლამენტის წევრების ინიციატივით მომზადებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც ახსნილია იმით, რომ იმ პირებს, ვისზეც ვრცელდება ცვლილება, შეუმსუბუქდეთ საბანკო ვალდებულებები და არ შეექმნათ პრობლემა სამომავლო ბიზნესის წარმოებაში.
ცვლილებების პროექტის მიხედვით, ამნისტია ძალაში დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შევა.