აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, პარვიზ შაჰბაზოვი X-ზე წერს, რომ გახსნიდან დღემდე TAP-ით იგივე ტრანსანატოლიური გაზსადენით თითქმის 43 მილიარდი მ3 გაზი გაიტანეს ევროპაში. ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობა 2016 წლის მაისში დაიწყო, 878 კილომეტრი სიგრძის მილსადენის 108 კილომეტრი ზღვის ფსკერზე გაიყვანეს. TAP-ის ექსპლუატაცია 2020 წლის 15 ნოემბერს დაიწყო, იტალიაში პირველი აზერბაიჯანული გაზი კი 2020 წლის 31 დეკემბერს ჩავიდა. მილსადენს წელიწადში 10 მლრდ მ3 გაზის გატარება შეუძლია.
"ოთხი წელია, რაც აზერბაიჯანმა ევროპაში TAP-ის მილსადენით ექსპორტი დაიწყო. ამ პერიოდში ჯამში 42.8 მილიარდი მ3 გაზია ევროპაში ექსპორტირებული. უშუალოდ ამ წელს 12.9 მილიარდი მ3 გაზის ექსპორტი მოხდა მცირე და გრძელვადიანი კონტრაქტებით", - წერს შაჰბაზოვი.
აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში გატარების სანაცვლოდ საქართველო ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება. ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ მ³ გაზს იღებს.