რეგულაციის ამოქმედების შემდეგ უფრო კარგად დავინახავთ, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ახალ მიდგომებს - ასე პასუხობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შესულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვას.
საქმე ისაა, რომ 1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება რთულდება. კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი სიახლეა „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.
როგორც ლევან ვეფხვაძე BMG-სთან აცხადებს, სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია, რომ ქვეყანაში უცხოელების დასაქმების პროცესი გარკვეული ზედამხედველობის ქვეშ იყოს. მისივე თქმით, ასოციაციის წევრი კომპანიების მხრიდან მათთან ამ საკითხზე მიმართვიანობა ჯერჯერობით არ ყოფილა.
“რეგულაცია არ არის აკრძალვა, რეგულაცია ნიშნავს მოქცევას გარკვეულ ჩარჩოში და ამ შემთხვევაში ჩარჩოში მოქცევის დროს ცხადია, სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია, რომ ერთის მხრივ ჰქონდეს ინფორმაცია, [ქვეყანაში] ვინ შემოდის და ვინ გადის და ა.შ. პროცესი იყოს გარკვეული ზედამხედველობის ქვეშ. მეორეს მხრივ, კომპანიებს აქვთ აქტიური მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე და ბუნებრივია, კვალიფიციური კადრები თუ ადგილზე არ იქნება, მათ ექნებათ სურვილი, რომ კადრები გარედან შემოიყვანონ. აკრძალვაზე ცხადია არ არის საუბარი, მაგრამ ლაპარაკია გარკვეულ ჩარჩოში მოქცევაზე.
რეგულაციის ამოქმედების მერე უფრო კარგად დავინახავთ, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ახალ მიდგომებს. თუ რაიმე ტიპის ისეთი მიდგომა დავინახეთ, რომელიც მეტ-ნაკლებად შეიძლება გამოსწორებას ექვემდებარება და გამოსასწორებელია იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემა შევქმნათ კვალიფიციური კადრების მოსაზიდად, ცხადია ამაში ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით და გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ასეთი აქტიური დისკუსია ამ თემაზე არ მიდის და როდესაც დაიწყება, ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულები.
ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ კომპანიებს ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ მათ საოპერაციო დონეზე პრობლემა არ ჰქონდეთ. ეს როგორ მიიღწევა, კადრების გადამზადებით თუ კადრების შემოყვანით, ეს კომპანიის გადასაწყვეტია. თუმცა თუ კომპანია გადაწყვეტს, რომ ადგილზე კადრს ვერ შოულობს და ის [უცხოეთიდან] უნდა შემოიყვანოს, აქ უკვე სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია, რომ მას ეს ყველაფერი გარკვეული კონტროლის ქვეშ ჰქონდეს. ეს კონტროლი რა ტიპის შეფერხებებს შექმნის, ალბათ ამაზე უკვე რეგულაცია რომ ამოქმედდება, მერე უფრო კარგად დავინახავთ და ამის შესაბამისი დაკორექტირება მერე იქნება შესაძლებელი”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.




























