მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამორტიზებული შენობების დანგრევას მთავრობა უტენდეროდ, 5 მლნ ლარად გეგმავს

643940b4705cf
BM.GE
14.04.23 16:15
1971
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 372 ამორტიზებული შენობის დემონტაჟისთვის 5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. განცხადება განსახილველად სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა, რომლის თანხმობის შემთხვევაშიც პროცესი ერთ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე წარიმართება.

განცხადებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ გზით საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული ამორტიზებული შენობა-ნაგებობების დანგრევას გეგმავს.

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია ძველი, ძირითადად, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის არსებობის პერიოდში აშენებული და დღეისათვის სრულად უფუნქციო შენობა-ნაგებობები, რომლებიც დროთა განმავლობაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიღებული დაზიანებებისა და სიძველის გამო, ამახინჯებს გარემოს იერსახეს და საფრთხის შემცველია სიცოცხლისთვის/ჯანმრთელობისთვის. დამატებით გასათვალისწინებელია, რომ სტიქიური მოვლენები, რომელთა წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია, მნიშვნელოვნად აუარესებენ აღნიშნული შენობა-ნაგებობის მდგომარეობას და კრიტიკულად ზემოქმედებენ მათზე, როგორც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველ ობიექტებზე. შესაბამისად, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, საინჟინრო/საექსპერტო დასკვნის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე საჭიროა განხორციელდეს მათი სადემონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა,”- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველაზე მეტი 130 ობიექტის დემონტაჟი იმერეთის რეგიონში იგეგმება. 59 შენობის დემონტაჟია დაგეგმილი გურიაში, 57 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები