"1000 პროფესიონალი შემდუღებელი რომ გვყავდეს და 1000-ით ნაკლები ეკონომისტი, ვფიქრობ, ქვეყნის საქმე უკეთ იქნება", - ამის შესახებ კომპანია "ბემონის" მმართველმა პარტნიორმა გიორგი მირცხულავამ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" პროფესიული განათლების პოპულარიზაციის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
"პროფესიულ განათლებას პრესტიჟი უნდა გავუზარდოთ" - ამბობს ბიზნესმენი, რომლის აზრითაც, დღეისათვის, ეს შედარებით მარტივად არის შესაძლებელი, რადგან ახალ თაობას უფრო მეტად აინტერესებს, როგორი იქნება მისი შემოსავალი.
"აუცილებელი არ არის, რომ ქვეყანაში ყველა ან იურისტი იყოს, ან - ეკონომისტი, როცა სხვა პროფესიები, შეიძლება, უფრო მაღალ ანაზღაურებადიც აღმოჩნდეს.
დღევანდელი ახალგაზრდობა უფრო ფიქრობს იმაზე, როგორი იქნება მისი ხელფასი და შემოსავალი - გახდი შემდუღებელი ან ტექნიკის ოპერატორი და ძალიან კარგი შემოსავალი გექნება. ძალიან ძლიერი, პროფესიონალი ამწე ოპერატორის შემოსავალი, შეიძლება, 7-8 ათასი ლარი იყოს; ეს ბიზნესი ძალიან შემოსავლიანია, მაგრამ პრესტიჟი უნდა ავწიოთ", - ამბობს გიორგი მირცხულავა.
პროფესიულ განათლებასა და კადრების დეფიციტზე საუბრისას, მან ასევე თქვა, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტი სამუშაო ძალის მკვეთრ გადინებამდეც არსებობდა.
რაც შეეხება განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ "პროფესიული განათლების ახალი ხედვის" პროექტს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობით, პროფესიული სასწავლებლების ერთობლივ მართვას ან/და ახლის შექმნასაც მოიცავს, "ბემონის" მმართველი პარტნიორი ამბობს, თავად კოლეჯების მართვა-შენებით დაინტერესებული არაა, მაგრამ ახალგაზრდა და პროფესიონალი კადრების დასაქმებას ხელს შეუწყობენ.