მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ დღეს არ დავიწყეთ ამ საკითხზე „ომი“... - რა აწუხებს ინფრასტრუქტურის მშენებელ ბიზნესს?

გიორგი მირცხულავა

„თუ დღეს არ დავიწყეთ ამ საკითხზე „ომი“, 10-15 წელიწადში მივიღებთ იმ შედეგს, რისიც მეშინია" – ეს განცხადება ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ბემონის“ მმართველმა პარტნიორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გააკეთა. საქმე ეხება ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობის გაჩენას. გიორგი მირცხულავა მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მაქსიმალურად მეტი ემუშაონ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რათა მათ მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტების განხორციელებისას, ტენდერებში ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა და მხოლოდ ქვეკონტრაქტორის სტატუსი არ ჰქონდეთ, რაც მისი თქმით, ხშირად გამოცდილებაში არ ეთვლებათ. „ჩვენ გვაქვს 10-15 წელი ამ ქვეყნის ასაშენებლად. შემდეგ ასაშენებელი ობიექტების რაოდენობა შემცირდება და თუ ამ პერიოდში არ „ავკრიფეთ“ გამოცდილება და არ გავხდით მაგრები, უცხოეთში გასვლა ძალიან გაგვიჭირდება“, - თქვა გიორგი მირცხულავამ და ასევე მოუწოდა მსხვილ კერძო ინვესტორებსაც, რომ ქართულ კომპანიებს ენდონ. „სინამდვილეში მთავარ სამუშაოს მაინც ქართული კომპანიები ასრულებენ“, - აღნიშნა მან.

- ძალიან მნიშვნელოვანია, საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სახელმწიფო ორგანიზაციები, საქართველოში მოქმედი კომპანიები, მათ შორის უცხოელი ინვესტორები ენდონ ქართულ ბიზნესს, მეტიც, მხარი დაუჭირონ ქართულ ბიზნესს - ჩვენც შევძლოთ ტენდერებში მონაწილეობა, რათა დააგროვონ ფინანსური გამოცდილება და ფინანსურად უფრო მდგრადები გახდნენ. ჩვენ გვაქვს 10-15 წელი ამ ქვეყნის ასაშენებლად, შემდეგ კი, ასაშენებელი ობიექტების რაოდენობა დაიკლებს და თუ ამ პერიოდში არ „ავკრიფეთ“ ის გამოცდილება და არ გავხდით მაგრები, ძალიან გაგვიჭირდება უცხოეთში გასვლა და საზღვარგარეთ ტენდერებში მონაწილეობა. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გადიხართ უცხოურ ქვეყნებში, პირველი კითხვა, რასაც გისვამენ შეეხება გამოცდილებას ანუ რა აგიშენებია შენს ქვეყანაში და ჩვენ ვეუბნებით, რომ „იცით, ჩვენ უცხოური კომპანიების ქვეკონტრაქტორები ვიყავით და ა.შ.“... ამდენად, აუცილებელია, ქართულ ბიზნესს მხარი დაგვიჭირონ და გვენდონ.

- წლების წინ, მახსოვს, ამ მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერების შედარებით მცირე ლოტებად დაშლა გადაწყდა... ახლა რა სახის მხარდაჭერას და ნდობას ითხოვთ?

- ის საკითხის პატარა გადაწყვეტა იყო. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა ემუშაოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. მე არ ვგულისხმობ, რომ ხარისხთან ან ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული მოთხოვნები შეიცვალოს, მაგრამ არ შეიძლება, საქართველოში ცხადდებოდეს ტენდერი, სადაც კომპანიას, რომელსაც ვეძებთ, ვთხოვთ, მსგავსი პროექტი 7-ჯერ ჰქონდეს შესრულებული ანუ ამით პირდაპირ ვამბობთ, რომ ქართულ კომპანიებს მანდ არაფერი ესაქმებათ...

- ისე რამდენადაც ვიცი, ძირითადად, დონორების მოთხოვნაა გამოცდილების დადასტურება...

- გასაგებია, მაგრამ დონორებთან მუშაობაა საჭირო. თუ არ იმუშავე დონორთან, თუ არ დაიცავი შენი ინტერესი, მაშინ ვიყოთ ასე და 15 წლის შემდეგ მივიღებთ სიტუაციას, როცა არცერთ ქართულ კომპანიას არ ექნება გამოცდილება....

- მესმის, რომ გამოცდილებას სხვანაირად ვერ დააგროვებს ქართული კომპანია...

- დიახ. არის კიდევ ერთი გამოწვევა - საბანკო გარანტიების წარდგენა, რაც ეხება კომპანიების ფინანსურ მდგრადობას. თუ არ მეშლება, „აწარმოე საქართველომ“ დაიწყო ხელშემწყობი პროგრამა, მაგრამ მცირე თანხებზეა საუბარი და ვფიქრობ, უნდა გაიზარდოს; სახელმწიფო ქართულ კომპანიებს უფრო მეტად დაუდგეს გვერდში. ამავდროულად მნიშვნელოვანია მსხვილი ბიზნესიც, ინვესტორებიც ენდონ ქართულ ინფრასტრუქტურულ კომპანიებს, რადგან ისინიც კარგად ხედავენ, საბოლოო ჯამში, ვინ ასრულებს სამუშაოს - გამარჯვებულია უცხოური კომპანია, მაგრამ სამუშაოების რელაური შემსრულებლები ქართველი კონტრაქტორები არიან, უბრალოდ,მათ ხშირ შემთხვევაში ეს სამუშაოები გამოცდილებად არ ეთვლებათ. მესმის, რომ ეს საკითხი ადვილად გადასაჭრელი არაა...

- „ბემონი“ „საქართველოს ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ წევრიც არის და ასევე, BAG-ის წევრიც, რომელსაც არ უჭირს რიგი საკითხების ლობირება... არის ეს საკითხიც დღის წესრიგში?

- საკითხი განხილვის მუდმივი თემაა. გვესმის, რომ ადვილად გადასაწყვეტი არაა, რადგან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს თავიანთი მოთხოვნები აქვთ და არაა მარტივი, უთხრა - „მოდი, შეგვიცვალე თამაშის წესები“, მაგრამ თუ ოდესმე ამაზე „ომი“ არ დავიწყეთ, 10-15 წელიწადში მივიღებთ იმ შედეგს, რისიც მეშინია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები