მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, ერის სურვილი აღსრულდება - ჩვენი ადგილი ევროპაშია - ბიზნესმენი

გიორგი მირცხულავა

„საქართველოს და ქართველების ადგილი იყო, არის და იქნება ევროპაში“ - ასე უპასუხა ენერგოინფრასტრუქტურული კომპანია „ბემონის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი მირცხულავამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც „რუსული კანონის“ ამოქმედების გამო, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას შეეხებოდა.

- ნებისმიერი ქვეყნის საფუძველია კონსტიტუცია. ჩვენს კონსტიტუციაში ნათლად წერია ჩვენი ერის მისწრაფება. მე არ მიყვარს ხოლმე საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ევროპაში უნდა შევიდეთ. ჩვენი ადგილი იყო, არის და იქნება ევროპაში; საქართველო სულ იყო და იქნება დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ქართველი ერის სურვილი აღსრულდება. მინდა მჯეროდეს, რომ არ არსებობს ქართველი, რომელსაც სხვა აზრი გააჩნია...

- ქართველების უდიდესი უმრავლესობის არჩევანი, რომ ევროინტეგრაციია, ბოლო თვეებში ბევრჯერ დავინახეთ, მაგრამ რატომღაც ხელისუფლებას მოქალაქეების ხმა არ ესმის...

- დღეს დიდი დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს. მე ვხედავ დიდ ერთობას ქვეყანაში - ყველა საუბრობს ფეხბურთელებზე... ჩვენ გვაქვს ულამაზესი სიტყვები - „ძალა ერთობაშია“ და ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ მიზანს. ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს არასდროს არაფრისთვის არ მიუღწევია დაბრკოლებების და პრობლემების გარეშე; თუნდაც ევროპის ჩემპიონატი ავიღოთ - რა ქარ-ცეცხლი, რა პრობლემები და წარუმატებლობები გამოვიარეთ, მაგრამ ახლა გვყავს ოქროს ბიჭები, რომელთაც ქომაგობს ყველა, ისინიც კი, ვისაც სპორტი საერთოდ არ აინტერესებს. ამდენად, თუ ყველა ერთად დავდგებით, ჩვენ იმ წერტილში მივალთ, სადაც ერი ერთად უნდა მივიდეთ.

- თქვენც ახსენეთ საქართველოს კონსტიტუცია, სადაც მკაფიოდ წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის, მაგრამ მოქმედი ხელისუფლების ქმედებები არის საპირისპირო, ამიტომ გვიწყდება გული, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ...

- ვიბრძოლებთ და ყველა იქ მივალთ, სადაც უნდა მივიდეთ. ჩვენი ადგილი ევროპაშია.

- რამე კანონი ღირს იმას, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია შეფერხდეს?

- მე არ ვარ {სამართლის} სპეციალისტი, კანონის შეფასება გამიჭირდება...

- კანონის შეფასებას არ გთხოვთ... ერთ მხარეს არის „რუსული კანონი“, მეორე მხარეს კი - ევროინტეგრაცია და პარტნიორები გვეუბნებიან, კარი ღიაა თქვენთვის, მაგრამ კლუბს თავისი წესები აქვს, რომელიც უნდა შეასრულოთ...

- ძალიან ბევრი კარი გაგვიღია ისტორიულად და ამ კარსაც გავაღებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები