ენერგოინფრასტრუქტურის სამშენებლო კომპანია „ბემონის“ მმართველის პარტნიორის გიორგი მირცხულავას შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში „გამოღვიძება ძალიან კარგად მიმდინარეობს“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც „ბემონის“ პორტფელში არსებულ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
„ბემონი“ რამდენიმე საინტერესო პროექტის დიზაინის შემუშავებაშია ჩართული და ველოდებით მშენებლობის დაწყებას. მათ შორის ერთი არის მზის ელექტროსადგურის 18-მეგავატიანი პროექტი, მეორე - ქარის ელექტროსადგურის 60-მეგავატიანი პროექტი და ა.შ. პროექტირების ეტაპები, სავარაუდოდ, აგვისტო-სექტემბერში დასრულდება, რასაც მშენებლობის პროცესი სწრაფადვე მოჰყვება. პროექტების ჯამური ღირებულება 80 მილიონ დოლარამდეა. გარდა ამისა, მომავალ წელს ალბათ 110-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებასაც დავიწყებთ“, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.
„ბემონის“ მმართველი პარტნიორი ინვესტორი კომპანიების ვინაობას ჯერ თავად ვერ ასახელებს, მაგრამ თქვა, რომ ძირითადად, ქართველი და უცხოელი ინვესტორები არიან.
„ენერგეტიკა ისეთი სფეროა, ყოველი ახალი პროექტი არა მხოლოდ ინვესტორს, არამედ ქვეყანას აძლიერებს. „ბემონის“ სლოგანია „ავაშენებთ“ და ვეცდებით პირველები ვიყოთ და ყველა პროექტი დათქმულ დროში ავაშენოთ. ვცდილობთ, ინვესტორებიც დავაჯეროთ, რომ ქართველებს შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მშენებლობა. ამასთან, უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ სხვა ქვეყნებშიც გავიდეთ და იქაც ვაშენოთ, მით უმეტეს, როცა გვაქვს წარმატებული მაგალითები ქართული ბიზნესების, ვინც ევროპის ბაზარზე გავიდა“, - აღნიშნა გიორგი მირცხულავამ.