მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორი წლის განმავლობაში, "ბემონის" პროექტების პორტფელი $100 მილიონს მიუახლოვდება - მირცხულავა

ბემონი

"ბემონის“ მმართველი პარტნიორის გიორგი მირცხულავას პროგნოზით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ენერგოინფრასტრუქტურული კომპანიის პროექტების პორტფელი $100 მილიონს მიუახლოვდება.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, ამჟამად, „ბემონის“ მიერ განხორციელებული და დაკონტრაქტებული პროექტების ჯამური ღირებულება 100 მილიონია.

“ბემონი” ბაზარზე 2017 წლიდანაა და კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა, ააშენოს და დააპროექტოს ჰიდროელექტროსადგურები, მზისა და ქარის ელექტროსადგურები, მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები. ასევე, ინდუსტრიული და საინჟინრო ნაგებობები.

გიორგი მირცხულავას თქმით, წელს, „ბემონმა“ უკვე გააფორმა 18-მეგავატიანი ქარის სადგურის მშენებლობაზე ხელშეკრულება, თუმცა ინვესტორის ვინაობას ჯერ არ ასახელებს.

„ჯერ ვერ გეტყვით სად აშენდება ქარის სადგური, მაგრამ პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება ალბათ 10-12 მლნ დოლარი იქნება, უშუალოდ სამშენებლო მიმართულებით კი - $7-8 მილიონი“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ ქარის სადგური ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ კვარტალში შევა.

გიორგი მირცხულავას ინფორმაციითვე, „ბემონის“ მიმდინარე საინვესტიციო პორტფელშია, ასევე, ჰიდროს ორი პროექტი. „ერთს ვამთავრებთ, მეორე კი, წინა წლის მესამე კვარტალში დავიწყეთ და ვხედავთ, რომ ძალიან ნერვიულობენ დეველოპერები ტარიფის გამო, რადგან ტარიფია განმსაზღვრელი, რამდენად საინტერესო იქნება პროექტი ინვესტორებისთვის, ასევე ტარიფს აქცევენ ყურადღებას ბანკებიც [როცა კომპანიას კრედიტი სჭირდება]“, - განაცხადა მან.

მიმდინარე პროექტებზე საუბრისას, გიორგი მირცხულავამ ასევე გამოყო ქვესადგური 'იდლიანი-500'-ის პროექტი, რომლსი მშენებლობაც მიმდინარეობს.

„წერტილთან“ ინტერვიუში „ბემონის“ მმართველმა პარტნიორმა საქართველოს ენერგოსექტორის საინვესტიციო პოტენციალზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უმნიშვნელოვანესია, საქართველომ "ნამახვანის", "ხუდონის" და "ნენსკრას" დაძვრა შეძლოს“.

„ეს სამი პროექტი როგორც ენერგეტიკის, ისე მთელი ქვეყნის მომავლის ხერხემალია“, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები