7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. როგორც მოგვიანებით "ჰამას"-მა თქვა, 20 ისრაელზე თავდასხმისთვის, 20 წუთში 5000 რაკეტა გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ჩაირთო.
"ჰამასისთვის" ეს შეტევა ოპერაცია ალ–აკსას წარღვნის სახელით მოინათლა, ისრაელმა კი ომი უწოდა. ისრაელის პრემიერმინისტმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა, ისრაელი ამ ომს მოიგებს, ჰამასი კი პასუხს აგებს. ბოლო მონაცემებით, ჰამასმა 100–150 ადამიანი გაიტაცა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს დილით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას იმავე დღეს გამოეხმაურნენ და ისრაელს უპირობო მხარდაჭერა აღუთქვეს.
13 ოქტომბერს ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი „ანალიტიკა“–ს სტუდიას ექვია. ელჩმა პირდაპირ ეთერში დეტალურად შეაფასა ის საერთაშორისო – მათ შორის, საქართველოს რეაქციაც ისრაელში მიმდინარე მოვლენების მიმართ და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც დღეს შეიძლება ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩართვის ცდუნება გაუჩნდეს, მკაცრი სიგნალი გაუგზავნა.
რამდენად კმაყოფილი ხართ საერთაშორისო რეაქციით ამერიკისგან, ევროკავშირისგან, გაეროსგან – დასავლეთისგან?
ყველა მათგანი მხარს უჭერს ისრაელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მივიღეთ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ისევე, როგორც ყველა ჩვენი ევროპელი მეგობრისგან. ყველა ქვეყანა, რომელიც ცივილიზებული სამყაროს ნაწილია დგას ისრაელის გვერდით. რადგან, ჩემი აზრით, ყველას ესმის, რომ ეს არის არა მხოლოდ ისრაელისა და შუა აღმოსავლეთის კონფლიქტი, არამედ ეს არის თავდასხმა ყველაზე, ვისზეც დგას ცივილიზებული სამყარო – იქნება ეს საქართველო, ისრაელი, თუ შეერთებული შტატები. ან ხარ ისრაელის მხარეს, ან – ტერორიზმის. თუ ვინმეს არ მოსწონს ISIS-ის თავდასხმა, რომელიც მათ განახორციელეს პარიზზე ან მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილზე – და ახლა დუმილს ინარჩუნებენ 1300 ისრაელელის ერთ დღეში გაჟლეტაზე – მაშინ უნდა დაფიქრდნენ, რადგან მათი მორალი აშკარად ამღვრეულია.
ამ ხაზის გაგრძელება მინდა თქვენთან და რამდენიმე ციტატას მოვიშველიებ. „ჩვენ გვინდა გვესმოდეს მკაფიო ხმა და უწყვეტი ხმა. ეს არის ბრძოლა ჰამასთან და არა პალესტინის სახელმწიფოსთან და არა – ლიბანთან. ისინი არ უნდა ჩაერიონ“ – ეს არის ევროკავშირსა და ნატო–ში ისრაელის ელჩის კომენტარი FP-ისთან: „ევროკავშირს აქვს ყველა ბერკეტი რომ უთხრას მათ – არ ჩაერიოთ!“ – ევროკავშირი ასე იქცევა დღეს? და რა დემოკრატიული ბერკეტები აქვს ევროკავშირს, რომ ეს შეძლოს?
ევროკავშირის მხრიდან, ამერიკისგან, საფრანგეთისგან, გერმანიისგან სოლიდარობას ვხედავთ. ისე სწრაფად იცვლება მოვლენები, რომ არ მინდა, რამეს გავუსწრო ან სათანადოდ ვერ ავსახო. და დიახ – არაერთი ევროპული ქვეყანა უკვე ხმამაღლა ამბობს, რომ ფინანსური ბერკეტებითაც დაუჭერენ მხარს ისრაელს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რა ბედი ელის, მათ შორის, ბავშვებს. მსოფლიო უნდა დადგეს ისრაელის გვერდით, რომ ეს ხალხი გადარჩეს.
ჩვენ ასევე მოვისმინეთ გაეროში ისრაელის ელჩის – გილად ერდანის მიმართვა ადამიანის უფლებების ნაწილში გაეროს უმაღლესი კომისრის – ვოლკერ ტურკ–ის მიმართ, როდესაც მან ისრაელს და ჰამასს თანაბრად მოუწოდა „პატივი სცენ საერთაშორისო კანონს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ“ და შეამცირონ დაძაბულობა და სადაც პარალელურად გააკრიტიკა ისრაელი ღაზის სექტორის „სრულ დაპყრობაში“. ისრაელის ელჩმა ერდანმა პასუხად დააბრუნა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა „მორალური კომპასი დაკარგა“ და დასძინა, რომ ისრაელი „თავს დაიცავს“ და რომ კომიტეტის კომენტარები გაჯერებულია „ცრუ და ამორალური შედარებებით“ – თქვენ რას იტყვით?
დიახ, სრულად ვეთანხმები ჩვენს ელჩს გაეროში. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განცხადებები სრულიად აღმაშფოთებელი და შემაძრწუნებელია. ადამიანებს ქუჩებში კლავენ და ხოცავენ, ადამიანებს უსასტიკესად აწამებენ, ასეთი სისასტიკე ბევრი წელია აღარ გვინახავს. ამის კომენტირება ამ ფორმით აღმაშფოთებელია. ერთ დონეზე სვამ ჰამასს, ტერორისტულ ორგანიზაციას და დემოკრატიული ქვეყნის ჯარს, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობით ხელმძღვანელობს – ამ ორი მოცემულობის გათანაბრება წარმოუდგენელი საქციელია. წარმოგიდგენიათ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომ გაათანაბროს დასავლელი მოკავშირეები და ISIS-ი. ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ჩვილ ბავშვებს ხოცავს. ყველა მცდელობა, რომ ამ ამბავში ორი მხარე იყოს, ფუჭია. არ არსებობს ამ ამბის მეორე მხარე. ცალსახაა სიტუაცია, ჰამასი დაგვესხა თავს, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ და ახლა – თავს დავიცავთ.
როგორ აფასებთ საქართველოს მხარდაჭერას ამ ეტაპზე და როგორ შეიძლება ეს მხარდაჭერა კიდევ გაძლიერდეს?
საქართველო მხარს გვიჭერს პირველივე დღეებიდან. დაიგმო ტერორიზმი, ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადეთ ისრაელს. ყველა დონეზე შევხვდი საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებს – საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, პარლამენტში კომიტეტის ფარგლებში მივმართე ადამიანებს და თანდათან კიდევ უფრო მეტ სიცხადეს შევიტანთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დღეები ელოდება წინ ისრაელს – რადგან ეს არ იქნება მოკლე ბრძოლა. ისრაელი ხანგრძლივი ომისთვის არის მზად და მზად არის იმისთვის, რომ ბოლომდე დაიცვას თავისი პოზიციები. აქაც საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს და მგონია, რომ ეს ასეც იქნება.
გამოდის, გიფიქრიათ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი – თუ ელოდებით, რომ სხვა მხარეებიც შეიძლება ჩაერთონ ამ ომში?
ჩემი აზრით, ეს იქნება უდიდესი შეცდომა ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან, რომ ახლა გადაწყვიტოს ჩვენი გამოცდა. დიახ, შაბათს ჩვენთვისაც მოულოდნელობა იყო ის, რაც მოხდა. და დიახ, ჩვენს გარდაცვლილებს ვგლოვობთ ახლა. მაგრამ ეს გლოვა არავის არ უნდა შეეშალოს სისუსტეში. არცერთ ორგანიზაციას არ ვურჩევ, დაუშვას ეს შეცდომა და ჩათვალოს, რომ ახლა დადგა მისი დრო და ჩვენ სუსტები ვართ.