მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლია - კონსტანცა: რა ვიცით შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელზე?

63a1fd710505d
ნინო ტაბატაძე
21.12.22 16:36
1619
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანის- საქართველოს - რუმინეთისა და უნგრეთის ელექტროსისტემებს დააკავშირებს, აქტიურ ფაზაში გადადის. იდეა, რომელიც წლების წინ გაჩნდა და შორეულ პერსპექტივად მიიჩნეოდა, დღის წესრიგში დაბრუნდა.

ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების ძიების ფონზე ევროკავშირში პროექტის მიმართ ინტერესი გაიზარდა. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ EU Global Gateway Board-ის შეხვედრაზე განხილული იქნა ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტიც. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ამ ეტაპზე აღნიშნულ პროექტში 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირება განიხილება. სწორედ ეს თანხა განისაზღვრა 2020 წელს, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევის თანახმად პროექტის ბიუჯეტად.

პროექტთან დაკავშირებით ბევრი დეტალი ჯერ კიდევ უცნობია. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იტალიური CESI -ის მიერ მიმდინარეობს და როგორც BMG -ის „სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განუცხადეს კონკრეტული დეტალები ამ კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კვლევა, რომელიც 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, რამდენიმე დავალებისგან შედგება. ამ ეტაპზე კვლევის პირველი დავალება მიმდინარეობს.

თავად პროექტის პირველადი ვერსიით, დაგეგმილია აშენდეს ორჯაჭვა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი (ეგხ) არსებული 500 კვ ქ/ს ჯვარიდან ახალ 500 კვ ქ/ს ანაკლიამდე. ამ კავშირის შემდეგი ნაწილი იქნება ორჯაჭვა 500 კვ მუდმივი ძაბვის წყალქვეშა კაბელი ანაკლიიდან კონსტანცამდე, რომელიც განთავსდება შავი ზღვის ქვეშ. მოიაზრება ანაკლიაში ახალი 2x500 მგვტ 500/500 კვ მუდმივი დენის ჩანართის მშენებლობა. ჯამში აშენდება 1195 კმ სიგრძის კაბელი, რომელის უდიდესი ნაწილი 1100 კმ წყალქვეშ გაივლის.

გარდა ამ ინფრასტრუქტურისა, საჭირო იქნება თუ არა დამატებითი გადამცემი ხაზების მშენებლობა, მათ შორის აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ხაზებისა და რა სიმძლავრეზე შეიძლება იყოს საუბარი - ამ კითხვაზე „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ჯერ კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„გარდა ზემოხსენებული ინფრასტრუქტურისა, შესაძლებელია, საჭირო გახდეს საქართველოს შიდა ქსელის დამატებითი გაძლიერება, მაგრამ აღნიშნულზე კონკრეტული დეტალები და შეფასება გვექნება მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდგომ“, - ნათქვამია სსე-ს მიერ BMG -სთვის მოწოდებულ წერილში.

ამ პროექტის მიმართ დიდია აზერბაიჯანის დაინტერესება, რომელიც აქტიურად ცდილობს განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებას, მათ შორის ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობას. ამიტომ, ბუნებრივია, კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა როგორია აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ელ.გადამცემი ხაზების გამტარუნარიანობა.

„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მონაცემებით, "დღევანდელი მდგომარეობით, აზერბაიჯანის ელექტროსისტემასთან დამაკავშირებელი ხაზების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, ნორმალურ რეჟიმში შესაძლებელია 1500-1600 მგვტ-მდე სიმძლავრის გატარება".

სახელმწიფო კომპანიაში აცხადებენ, რომ მსოფლიო ბანკის მიერ 2020 წელს ჩატარებული წინასწარი კვლევის თანახმად პროექტის გაშვება 2030 წელს არის დაგეგმილი, თუმცა მაშინ არც ახალი რეალობა იყო და არც ასე გამოკვეთილი ინტერესი.

„დაზუსტებული ვადა გვეცოდინება ყველა საჭირო კვლევის ჩატარების შემდგომ, რაც მოიცავს მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, ასევე დაგეგმილ გარემოსა და სოციალური ზეგავლენის შეფასებას და შავი ზღვის ფსკერის დეტალურ კვლევებს“ - აღნიშნულია წერილში.

შავ ზღვაში გეოლოგიური კვლევებს საქართველო დააფინანსებს. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 20 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ კვლევისთვის საქართველო  20 მილიონ დოლარს გამოყოფს, თავად კვლევა კი, მომავალ წელს განხორციელდება.

როდის გაეშვება ექსპლუატაციაში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი ჯერ უცნობია, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მნიშვნელოვანია,  საქართველო პროექტში არამხოლოდ ტრანზიტორის, არამედ ექსპორტიორის სტატუსით იყოს წარმოდგენილი. ამისთვის,  პირველ რიგში, ქვეყანაში გენერაციის ობიექტების მშენებლობა უნდა დააჩქაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები