ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა, დანის ჩარტყმაა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგებლების მიღებაზე განაცხადა, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო პერიოდში მთელი ყურადღება "რუსულ კანონზე" იყო, რის გამოც იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს სათანადო ყურადღება ვერ მიექცა. მან ასევე მაგალითად მოიყვანა, „ოფშორების კანონი", საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და საპენსიო ფონდში ცვლილებები.
„ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის „რუსულ კანონზე“ და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო.
მაგალითად „ოფშორების კანონს“, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის.
ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით.
მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა.
აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა, ჩინური კომპანია დაასახელა გამარჯვებულად, ვინც საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ანაკლიას პორტს ააშენებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდება, რომელმაც სახელმწიფოს საბოლოო საინვესტიციო წინადადებას წარუდგინა. კომპანია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კონგლომერატია. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დაახლოებით $600 მლნ დაჯდება.