"ქართული ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიაში პორტი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება - ამის შესახებ დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელსაც უწყების პრესსამსახურის თქმით, არცერთი მედიასაშუალება არ ესწრებოდა.
მინისტრი ამბობს, რომ პორტი არ არის მხოლოდ ნავმისადგომი, სადაც გემები ჩამოიცლებიან. მისი თქმით, პორტთან დაკავშირებულია ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ანაკლიაში თანმიმდევრულად განვითარდება.
„ჩვენ შარშან დავიწყეთ აქტიური სამშენებლო სამუშაოები. დღეს მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა და გვაქვს სრული წინაპირობა, რომ საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე გადავიდეთ. ყველა იურიდიული პროცესი, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებული, დასრულების ფაზაზეა,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პორტში პირველი გემების შემოსვლის თარიღად 2028 წელი იყო დასახელებული, შესაძლებელია, პორტმა გემების მიღება 2027 წლის ბოლოსაც შეძლოს. როგორც მან აღნიშნა, პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა განვითარდეს ახალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
„ანაკლიაში პორტი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, რომ ის ინფრასტრუქტურული ჩამორჩენა, რაც ჩვენ გვაქვს, მალე აღმოვფხვრათ. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გავხდებით და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტვირთნაკადების ჩვენს დერეფანში დამაგრებას მოვახერხებთ,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
2024 წლის მაისში მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ. პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი შარშან მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო. პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.