თავდაცვის ექს-მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელის აზრით, „დღეს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის ანაკლია“.
„ახლა დრო უნდა მოვიგოთ“ - თქვა თინა ხიდაშელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში. ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადება, სადაც შეშფოთებაა გამოხატული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთის მიერ მხარდაჭერილ კომპანიას გადასცეს, ერთადერთი არ იქნება.
„დარწმუნებული ვარ, ჰელსინკის კომისიის განცხადება პირველია და გაგრძელება მოჰყვება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ყოფილმა მინისტრმა ორი დღის წინ „ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილი და საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანის შეხვედრაც შეაფასა და ძირითადი გზავნილები განმარტა.
- იმ განცხადებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრო ელჩის და ლევან დავითაშვილის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, ძალიან მნიშვნელოვანია ორი ორი წინადადება. პირველი - ვიგებთ, რომ უცებ, მოულოდნელად აშშ-ის ელჩი საუბრობს იმაზე, რომ სურთ, ამერიკული კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში ინვესტირებით და მეორე - დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ, სან-ფრანცისკოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს. ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი და მაგალითი აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური ენისა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია და აშშ-ის მხრიდან ბიზნესინტერესი არსებობს, მაგრამ ამას სჭირდება შემხვედრი მოძრაობა ჩვენი ქვეყნიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდრე ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდებოდა, ის შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, რომლის შემდეგაც, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება ეწერა - „ელჩმა გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება". ეს წინადადებაც იყო ერთმნიშვნელოვანი, დიპლომატიური ენით ნათქვამი, რომ თუ „ოცნება“ გააგრძელებს ანტიდემოკრატიული სვლას, არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ დაუბრუნდება დემოკრატიულ დღის წესრიგს და ამერიკის ინტერესთან [მოვა თანხვედრაში - კი]. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის მთავარი მამოძრავებელი პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის - მას ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ მისი ყველა ნაბიჯი ნაკარნახევია აშშ-ის და ამერიკული ბიზნესის ინტერესების წარმატებით. ასევე ვიცით, რომ ჩინეთი არის გამოცხადებული წინააღმდეგობის მთავარ ხაზად აშშ-ისთვის. შესაბამისად, როდესაც სანქცირებული, არაღიარებული ხელისუფლების პირობებში, აშშ-ის ელჩი მოდის იმაზე სასაუბროდ, რომ მზად არის ბიზნესურთიერთობების გაფართოებას შეუწყოს ხელი, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამერიკული ბიზნესი ისევ საინტერესოა ქართული მხარისთვის, რომელიც დღეს მთლიანად ჩინეთის ინტერესებზეა გადართული. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ რაღაცას კუდს ვაბამ, მაგრამ არაა ასე - ამერიკული ბიზნესი მიდის მხოლოდ მეგობარ ქვეყნებში. ამერიკული ბიზნესი არაა ირანში, ამერიკული ბიზნესი არ მუშაობს იმ სახელმწიფოებში, რომლებთანაც აშშ-ის წინააღმდეგობის ფრონტი აქვს. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება არაა აშშ-ის მეგობარი. მისი ლეგიტიმაცია არაა აღიარებული [დასავლეთის მიერ]. ის ყოველდღიურად აშშ-ის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს; ირაკლი კობახიძე, ყოველ ჯერზე, თავისი გაგებით აშანტაჟებს პრეზიდენტ ტრამპს, როცა ამბობს - „ვნახოთ, „დიფ სთეითი“ დაამარცხებს დონალდ ტრამპს თუ პირიქითო“...
- ანაკლიის პორტის პროექტს რომ დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, ჰელსინის კომისიის განცხადებაზე რა რეაგირება ექნება „ოცნების“ მთავრობას - ანაკლია ხომ უბრალოდ ბიზნესპროექტი არაა?
- რა თქმა უნდა. ამიტომაც არ იყო ნახსენები ანაკლია [დავითაშვილის და დანიგანის შეხვედრის შემდეგ, სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში]...
- არსებულ სიტუაციაში, რას ველოდოთ - რა არჩევანს გააკეთებს „ქართული ოცნება“ - აშშ თუ ჩინეთი? ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩინურ კონსორციუმთან ხელშეკრულების აპრილ-მაისში გაფორმდებოდა...
- დარწმუნებული ვარ, ჰელსინკის კომისიის განცხადება პირველია და ჩვენ გვექნება იმ სენატორების განცხადებები, რომლებმაც სტრატეგიულ პორტებზე ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ კანონპროექტი დაარეგისტრირეს სენატში და ასევე ანალოგიური კანონპროექტია დარეგისტრირებული წარმომადგენელთა პალატაშიც. მაქვს სერიოზული საფუძველი ვთქვა, რომ იქნება არაერთი განცხადება ამ თემებზე; საქართველოს საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის ანაკლია - ქართული სტრატეგიული ეკონომიკა პირდაპირ არის ჩაწნული შავი ზღვის უსაფრთხოებასთან, ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დროზე ადრე გასხვისება, ვგულისხმობ, სანამ თეთრის სახლის ყურადღება სრულფასოვნად დაბრუნდება საქართველოსკენ, იქნება სრული კატასტროფა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მომავლისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ.
- ალბათ ამერიკამაც ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს „ოცნების“ შესაჩერებლად, არა?
- დიახ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენ არ ვართ თეთრი სახლის დღის წესრიგში; ჯერ სხვა საკითხებია [პრიორიტეტული], ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხშირად შევაწუხოთ, ხშირად დავაკაკუნოთ... გასაგებია, რომ ხელისუფლება სხვაგვარადაა მოტივირებული, "ოცნებას“ სხვა ამოცანები აქვს და თქვენ კითხვაზე - ჩინეთი თუ აშშ - პასუხია ჩინეთი...
- არჩევანს ჩინეთზე გააკეთებს „ოცნება“?
- ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის არჩევანია [ჩინეთი]. ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი. ახლა ჩვენი ამოცანაა, ცოტა ხნით მაინც, ხუთი წუთით მაინც შემოვაბრუნოთ აშშ [საქართველოსკენ], რომ პაუზა ააღებინოს „ქართულ ოცნებას“ სანამ კონკრეტული პასუხი იქნება აშშ-სთვის სტრატეგიული პორტების შესახებ კანონზე...
- თქვენი ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ხშირად უთმობს ყურადღებას ანაკლიის პორტის პროექტს; აქვეყნებთ კვლევებს ჩინეთის რბილი ძალის გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაში.... რა გეგმა გაქვთ ამჯერად?
- ცოტა ხნის წინ დავბრუნდი აშშ-იდან. ვიყავი ლონდონში, იქამდე - პარიზში... დღეს, ფაქტობრივად, მხოლოდ ანაკლიაზე ვმუშაობ. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ თუ რამე ერთ თემაზე დაიყვანება, ის წარმატება რომელიც უნდა მივიღოთ, ხვალ და ზეგ დასავლეთის პარტნიორების გააქტიურებით, არის ყურადღების შემობრუნება ანაკლიისკენ, რადგან ანაკლიამ უნდა გადაარჩინოს საქართველო დასავლეთისთვის და დასავლეთი საქართველოსთვის. ანაკლია გახდა კარიბჭე, ჩვენი გასავალი დასავლურ ოჯახთან, ამიტომ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინფორმირება იყოს სრულფასოვანი, არაფერი გამოგვეპაროს და როგორღაც შეკავების ზღუდე გავაჩინოთ, რათა დაანონსებული აპრილის გადაწყვეტილება [ჩინურ კონსორციუმთან ხელმოწერა] არ შედგეს. დრო უნდა მოვიგოთ.