მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც ჩანს, ქართულ-ჩინური პროექტი არ გამოდის... - ხიდაშელი

ანაკლია

"სამოქალაქო იდეას" თავმჯდომარის თინა ხიდაშელის შეფასებით, დღეს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ანაკლიის პორტის გამალებულ მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სიტყვებით ჟონგლიორობაა. ის მიიჩნევს, რომ ქართულ-ჩინური პარტნიორობით პროექტის განხორციელება ვერ ხერხდება, რის გამოც ხელისუფლება ცდილობს შექმნას განცდა, რომ პორტი შენდება.

ასე უპასუხა BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას ხიდაშელმა, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა. ეკონომიკის მინისტრმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა, რომ პორტში პირველი გემების შემოსვლის თარიღად 2028 წელი იყო დასახელებული, თუმცა პორტმა გემები, შესაძლოა, 2027 წლის ბოლოსაც მიიღოს. დავითაშვილმა ისიც თქვა, რომ პორტის პროექტი სწრაფი ტემპებით ვითარდება.

თინა ხიდაშელი ეკონომიკის მინისტრის ამ განცხადებას მანიპულაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მთავრობას პორტის შერჩეულ კერძო ინვესტორთან ჩინურ კონსორციუმ CCCC-სთან ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებია.

„ის, რასაც ახლა დავითაშვილი აკეთებს, ჩვეულებრივი მანიპულაციაა და ერთგვარად მიგვანიშნებს ბევრ რამეზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ წვალობენ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როგორც ჩანს, არ გამოდის მათ მიერ დაანონსებული ამ ქვეყნის დიდი გადამრჩენი ქართულ-ჩინური პროექტი ბევრი მიზეზის გამო, რომელთა ნაწილიც საქართველოს მთავრობაზე საერთოდ არ არის დამოკიდებული და საქართველოს მთავრობის მოქმედებებით გამოწვეული. ახლა ცდილობენ არ დაკარგონ ის მომენტუმი, რომელსაც საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ, რომ ანაკლიის პორტი მაინც აშენდებოდა და ამიტომ სჭირდებათ ეს განცხადებები.

ეს ორი სხვადასხვა პროცესია, როდესაც სიტყვებით ჟონგლიორობა მიდის, რომ ანაკლიაში გამალებული მშენებლობაა და ის 2027 წელს ან 2028-2029 წელს ჩაბარდებაო. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ შექმნან განცდა, რომ ანაკლიის პორტში ყველაფერი წესრიგშია, რაც ასე არ არის. პორტის ოპერატორი კომპანია გამოვლენილი არ არის. ის, რაზედაც ახლა საუბარი მიმდინარეობს, არის ბეტონის ჩასხმა აქ და იქ. სინამდვილეში, ამას საერთო არ აქვს თავად ანაკლიის პორტის ოპერირებასთან და საქმიანობის დაწყებასთან. სანამ ეს კომპანია გამოვლენილი არ არის და ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, ვალდებულებები არ არის გაწერილი, რომელსაც გამარჯვებული კომპანია თავის თავზე აიღებს, მანამდე ეს ყველაფერი თარიღებით და სიტყვებით ჟონგლიორობაა“, - განმარტა თინა ხიდაშელმა.

2024 წლის მაისში მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ. პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი შარშან მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად, ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო. პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.

ამის პარალელურად, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება, რისთვისაც წელს მთავრობამ ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი დაიქირავა. კერძოდ, პროექტის თანახმად, 150 მილიონი ლარი პორტის ტალღმჭრელის მშენებლობასა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებაზე დაიხარჯება, რასაც Jan De Nul-ი შეასრულებს.

ამასთან, 2024 წელს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის 50 მილიონი ლარი, 2026 წელს კი 180 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები