მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თანაინვესტირების ფონდს პასუხობს

615ff9fede6b3
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.21 12:06
915
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს პასუხობს. ფონდმა 7 ოქტომბერს გაავრცელა წერილობითი განცხადება, სადაც მიუთითა, რომ მათთან დაკავშირებულ კომპანია Brightstone Finance Limited-ს, არა უშუალოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წილი, არამედ ამ თიზ-ის მმართველი კომპანიის წილი ეკუთვნის. ამასთან, ივანიშვილის ფონდი ადასტურებს, რომ აღნიშნული კომპანიის წილში 2017 წელს შევიდნენ და მათი მიზანი ინდუსტრიული ზონის განვითარებისთვის პოტენციური ინვესტორების მოძიება იყო, თუმცა ამ საქმიანობიდან ფონდს გასული წლების განმავლობაში "არავითარი სარგებელი არ მიუღია". თავად ფოთის თიზ-ის მენეჯმენტ კომპანიის - "ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ “თანაინვესტირების ფონდი” სიმართლის დაფარვას ცდილობს.

ორგანიზაციის განცხადებით, ობიექტური ფაქტებით დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ფოთ-ის თიზ-ის მმართველი კომპანიის მეწილე გახდა, ანაკლიის პორტის, ასევე ამ პროექტის ინვესტორების წინააღმდეგ სახელმწიფომ მიზანმიმართული კამპანია დაიწყო, რაც 2020 წელს სახელმწიფოს მიერ კონტრაქტის გაწყვეტით და მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესით დასრულდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას, რომელიც bm.ge-ის მიაწოდეს, უცვლელად გთავაზობთ:

“ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბიზნეს‐პარტნიორებმა მედიაში გაავრცელეს განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს სიმართლის დაფარვას.

საჯარო ჩანაწერებით ირკვევა, რომ ივანიშვილმა და მისმა საინვესტიციო ფონდმა ფინანსური ინტერესი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2017 წელს მიიღეს, და იმავე წელს არჩია ივანიშვილმა, რომ დაეწყო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მომავლის საწინააღმდეგო კამპანია. ამის შემდეგ ძალიან მალე კი ივანიშვილის მიერ მართულმა ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე კონსორციუმის ორი მთავარი ინვესტორის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, ფულის გათეთრების ბრალდებით. (აღნიშნული ბრალდების უსაფუძვლობას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა‐საქართველო“, თუმცა საქმე არ შეწყვეტილა და გრძელდება.) „ქართულმა ოცნებამ“ ყალბი ფეისბუქ ანგარიშებიდანაც განახორციელა შეტევა ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე.

ასევე, საჯარო ჩანაწერებით ირკვევა, რომ 2020 წელს „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც ჩინური კომპანია CEFC‐ის შვილობილ კომპანიას ჩამოერთვა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე კონტროლი და გადაეცა იგი ივანიშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ მენეჯმენტ კომპანიას. (ისიც უჩვეულოა, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას ტენდერი არ გამოუცხადებია; თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტორისთვის პირდაპირი გადაცემა მოახდინა ისე, რომ არც უცდია, საქართველოსთვის საუკეთესო ეკონომიკური გარიგება მოეპოვებინა.)

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფოთის პორტსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას შორის კავშირი არ არის. ეს განცხადება იმთავითვე ღიმილისმომგვრელია და ისევე დაუჯერებელია, როგორც უბაჟო ვაჭრობის ზონის (Duty Free) მაღაზიამ რომ განაცხადოს ‐ აეროპორტთან კავშირი არ მაქვსო.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ აპირებს ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ხელახალი ტენდერის ჩატარებას, თუმცა იქვე უთითებს, რომ შესაძლოა ვერ მოხერხდეს ინვესტორის მოძიება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის განაცხადია, რეალურად კი მთავრობას არ სურს პროექტის განვითარება.

უფრო მეტიც, მიმდინარე კვირაში ეკონომიკის მინისტრმა თურნავამ კვლავ დაადასტურა მთავრობის მხარდაჭერა ფოთის პორტის ექსპანსიასთან მიმართებით, რაც, მან კარგად იცის, რომ აკნინებს უფრო მსხვილი და უფრო სტრატეგიული ანაკლიის პორტის პროექტის ბიზნეს ქეისს.

“მიუხედავად ბატონი ივანიშვილის და მისი პარტნიორების მიერ გავრცელებული საწინააღმდეგო განცხადებებისა, ნამდვილად არსებობს ცალსახა და პირდაპირი კავშირი მის პირად ინვესტიციებს, მის მიერ საქართველოს მთავრობის კონტროლსა და ამავე მთავრობის ქმედებებს შორის. ინტერესთა ამ კონფლიქტის მსხვერპლი კი არის საქართველოს მოსახლეობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში. 

ივანიშვილის მიერ ფოთის თიზ-ის მმართველ კომპანიაში წილის ფლობის შესახებ ცნობილი გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული Pandora Papers-ის გამოძიებით გახდა. კერძოდ, კი გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში 12 კომპანია დააფუძნა, ამ 12-დან ერთ-ერთია ფირმა Brightstone Finance Limited-ი, რომელიც ფოთის თიზ-ის მენეჯმენტ კომპანიის მეწილეა. სწორედ ამ კომპანიის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელიც აცხადებს, რომ Pandora Papers-ის მასალები ადასტურებს წარსულში მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად არის ჩართული ფოთის თიზ-ის საქმიანობაში და იქ ბიზნესინტერესები გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები