მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ივანიშვილის "სათბურის კორპორაციას"?

საქართველოს სათბურის კორპორაცია სათბური კიტრი

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ “საქართველოს სათბურის კორპორაციამ” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალი თითქმის ერთი მილიონი ლარით, 16 მილიონ ლარამდე გაიზარდა, კომპანიის წმინდა მოგებამ კი 344 ათასი ლარი შეადგინა.

“კომპანიას აქვს 8-წლიანი გამოცდილება და წარმოადგენს წამყვან კომპანიას სოფლის მეურნეობის სექტორში. კომპანია აწარმოებს და ყიდის პრემიუმ და მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, პომიდორსა და კიტრს. კომპანია ფლობს და ამუშავებს თანამედროვე, მაღალინტენსიურ სასოფლო-სამეურნეო სათბურის ობიექტს 12 ჰა-ზე (სასათბურე მეურნეობა), რომელიც აღჭურვილია მცენარეების ზრდის ხელოვნური განათებით, ყოველწლიურად 7,100 ტონაზე მეტი პროდუქტის მოყვანის შესაძლებლობით,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

კომპანია ბაზარზე “პლანტას” ბრენდით ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ ყველაზე მეტი ხარჯი კომუნალურ გადასახადებზე გასწია, რაც 6.7 მილიონ ლარს შეადგენდა, თანამშრომელთა ხელფასები 3.9 მილიონ ლარს შეადგენდა, მოსავლის მოყვანისთვის საჭირო თესლის და სხვა სახარჯი მასალების შესყიდვა კომპანიას გასულ წელს 2.7 მილიონი ლარი დაუჯდა. ცვეთის ხარჯებმა კი 1.9 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “საქართველოს სათბურის კორპორაციის” აქტივები 23.6 მილიონი ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 4.1 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან კომპანიას გააჩნია წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი 53 მილიონი ლარის ოდენობით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები