ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაზე ჯამში 2.7 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებისაგან და კონსულტანტებისგან ითხოვს.
"იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას და საკონსულტაციო მომსახურება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, აღნიშნულ დარგში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და მოთხოვნილი გამოცდილება საქართველოში ოპერირებად კომპანიებს ნაკლებად გააჩნიათ. მიზანშეწონილია მომსახურების შესყიდვა მოხდეს გამარტივებული შესყიდვის წესით, იმ კომპანიებისაგან ( ძირითადად არარეზიდენტებისგან) და კონსულტანტებისგან, რომლებიც უკვე ფლობენ საჭირო გამოცდილებას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
სააგენტო მომავალ წელს შემდეგი სახის მომსახურების შესყიდვას გეგმავს:
- სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები;
- საინჟინრო მომსახურებები;
- მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები;
- ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები;
- კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები;
- იურიდიული მომსახურებები;
- ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა გამოკითხვები და სტატისტიკა;
- ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები;
- მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ამა თუ იმ პროექტის პროფესიონალურად განხორციელებასთან და ხელს უწყობს პროექტთან დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სხვა სახის რისკების მინიმალიზებას და სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალურ წარმოჩენასა და დაცვას.
შესყიდვების საფასური საორიენტაციოდ შეადგენს არაუმეტეს 2,700,000 ლარს, რომელსაც სააგენტო საკუთარი ბიუჯეტიდან გადაიხდის.




























