ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ზღვის დაღრმავების სამუშაოების გარდა ვალდებულებას იღებს ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურა მოაწყოს. „ჩვენ უკვე მზად გვაქვს პროექტი გზასთან მიმართებით, ველოდებით ინვესტორს“,- განუცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა BM.GE-ს.
მისი თქმით, პროექტი ინვესტორ კომპანიასთან უნდა შეთანხმდეს, ამიტომ სანამ სახელმწიფო პროექტის პარტნიორს შეარჩევს, პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტების დაწყება არ იგეგმება.
„როგორც კი გამოვლენილი იქნება ინვესტორი, მასთან გვინდა გავიაროთ ის ძირითადი დეტალები, რამდენად მისაღები იქნება ბოლო გაჩერების წერტილი, შესაბამისად, როგორც კი მასთან გვექნება შეთანხმება, შევძლებთ შესაბამისი პროცედურების დაწყებას, რომელიც მათ შორის ტენდერის გამოცხადებასაც გულისხმობს. ჩვენ მზად ვიქნებით, რომ სანამ ოპერირებას დაიწყებს და ინვესტორს მოუნდება ეს გზა იყოს მიყვანილი, იმ მომენტისთვის შესრულებული გვქონდეს მთელი სამუშაო“,-აცხადებს მზია გიორგობიანი, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ამბობს, რა დაუჯდება სახელმწიფოს პორტამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„პირველადი მონახაზი გაკეთებულია, თუმცა ჯერ შევიკავებ თავს გითხრათ ზუსტი ღირებულება, რადგან დამოკიდებული ვართ მაინც ინვესტორზე, რამდენად მისაღები იქნება მისთვის ის მიმართულება, რომელიც თავის დროზე იყო შეთანხმებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაახლოებით სატენდერო ღირებულების განსაზღვრა“,-აცხადებს მზია გიორგობიანი.
მთავრობამ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი დღეს გამოაცხადა. რამდენ მილიონს დახარჯავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ამ ეტაპზე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ პრეტენდენტმა კომპანიებმა თავად უნდა წარმოადგინონ ფინანსური წინადადებები ტექნიკურ წინადადებასთან ერთად, გამარჯვებულის გამოვლენა კი სწორედ ამ ორი შემოთავაზების ერთობლივად გათვალისწინებით მოხდება.
ეს კი ხდება იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ჯერ პროექტის ინვესტორი არ ჰყავს. ინვესტორის, ანუ პორტის 49%-ის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა პარტნიორის შერჩევა მაისამდე გადაიდო. ის, თუ კონკრეტულად ვინ არის დაინტერესებული, საქართველოში ანაკლიის პორტი ააშენოს უცნობია, მთავრობა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ორ მსხვილ კონსორციუმს - შვეიცარულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს სურთ.