მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს - ავტოიმპორტიორი

642ed5beca48b
ინგა მურუსიძე
06.04.23 19:00
876
ანაკლიის პორტი იქნებოდა განსხვავებული მდგენელი ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში, - ამის შესახებ ავტოიმპორტიორი კომპანია Lion Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ლევან სუხიტაშვილმა BMG-ს გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად გამართულია საქართველოში ინფრასტრუქტურა საკონტეინერო გადაზიდვებისთვის და რა სჭირდებათ კომპანიებს განვითარებისთვის, სუხიტაშვილი პასუხობს, რომ საჭიროა, მეტად განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა.

„ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა ძალიან დიდ მისიას გვაკისრებს, ფოთსაც და ბათუმსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს სატერმინალო სივრცესა და საზღვაო ინფრასტრუქტურაში, მაგრამ არის გარკვეული დაბრკოლებები - ვგულისხმობ, ღრმაწყლოვან პორტებს. ეს შეზღუდვები[სიღრმე] ფოთშიც და ბათუმშიც ბუნებრივია არის. ვფიქრობ, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურა იქნებოდა უმნიშვნელოვანესი და განსხვავებული მდგენელი ამ ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში“, - განაცხადა სუხიტაშვილმა.

ბიზნესმენი ასევე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს და პირადად ის ამას ელოდება.

„ანაკლიის პორტი იქნება გარდამტეხად მნიშვნელოვანი ბევრი დარგისთვის. ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი მისია გეოგრაფიულად. შუა აზიისთვის და სამეზობლო ქვეყნებისთვის ჩვენი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება საზღვაო თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი. ანაკლია ამ ყველაფერს ახალ ფორმატში წარმოადგენს, თუ იმ მოდელით განხორციელდება, რაც თავიდანვე იყო დაპროგნოზებული“, - განაცხადა სუხიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა. ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში. აღსანიშნია ისიც, რომ ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის მარტშიც ისაუბრა. მაშინ მთავრობის მეთაური აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინვესტორის შერჩევაში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარებოდა.

გასული წლის მიწურულს კი ცნობილი გახდა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი, ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერმა 12 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააცხადა და პროექტის ინვესტორი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის პროექტის განხორციელებისას უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები